ვითხოვ მორალურ და მატერიალურ ანაზღაურებას - გერმანიაში სამუშაოდ ჩასული ქართველები უკან ბრუნდებიან

25.06.21 12:04
ვითხოვ მორალურ და მატერიალურ ანაზღაურებას - გერმანიაში სამუშაოდ ჩასული ქართველები უკან ბრუნდებიან

დავა დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ - გერმანიაში სამუშაოდ ჩასული ქართველები უკან ბრუნდებიან და სახელმწიფოს წინააღმდეგ სარჩელს ამზადებენ. საქართველოს 24 მოქალაქე ამბობს, რომ ხელისუფლებამ არაადამიანური პირობებისა და ექსპლუატაციისთვის გაწირა. 

უცხო ქვეყანაში სამუშაოდ ჩასულები ამბობენ, რომ მოტყუებულები დარჩნენ. მათი თქმით, კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები იქ არსებულ პირობებსა და შრომით ანაზღაურებას არ შეესაბამებოდა. ამ ყველაფერს მძიმე საყოფაცხოვრებო პირობებიც ემატებოდა. 

მოქალაქეები ამბობენ, რომ ქართული მხარისგან ყურადღებას უშედეგოდ ელოდნენ. მათ თქმით, რამდენჯერმე მიმართეს გერმანიაში საქართველოს საელჩოს, თუმცა რეაგირება არც ამ ქმედებას მოჰყოლია.  

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავბრუნდეთ სახლში ათი ადამიანი. იქ მოვახდინოთ უკვე სამართლებრივი დავა იმ დასაქმების სააგენტოს წინააღმდეგ. 8-10 დღის შემდეგ შევიკრიბებით, გავივლით კონსულტაციებს იურისტებთან. მე პირადად ვითხოვ ანაზღაურებას მორალურს, მატერიალურს. ჩვენ მეორე დამსაქმებლისგან რომ წამოვედით, ორი დღე გამოთქვეს სურვილი გერმანიაში ემიგრანტებმა, რომ შევეფარებინეთ და ეს ორი დღე ვყოფილიყავით მათთან, რომ მოგვეგვარებინა გამოფრენის და პისიარ ტესტების საქმე. ეს ყველაფერი მოვაგვარეთ, მაგრამ პისიარ ტესტებმა დააგვიანა. ვბრუნდებით დღეს საქართველოში, - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.