ლაშა დარსალიამ დაადასტურა ბევრი ფაქტობრივი გარემოება, რასაც დაცვის მხარე ვუთითებდით - მშვენიერაძე
"ლაშა დარსალია შეიძლება, კარგი დიპლომატია, მაგრამ კარტოგრაფიაში ნამდვილად ვერ ერკვევა, თუმცა ძალიან ბევრი ფაქტობრივი გარემოება, რასაც ჩვენ, დაცვის მხარე ვუთითებდით, დაადასტურა", - ამის შესახებ განცხადება ივერი მელაშვილის ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ გააკეთა.
ადვოკატის თქმით, ლაშა დარსალიამ სასამართლო პროცესზე ვერ დაასახელა კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ივერი მელაშვილმა ისეთი სახის მოლაპარაკებები აწარმოა, რომლითაც საქართველოს ინტერესი დაზიანდა.
დაადასტურა ის, რომ არაერთხელ მისი მონაწილეობით განხილულა და აღნიშნულა იმის შესახებ, რომ 1996 წელს, ქართული მხარის პოზიცია საზღვრის ხაზთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა 1938 წლის საზღვრის ხაზზე, რომელიც დაბეჭდილი იყო 1942-43 წლის 100 000-იანი მასშტაბის რუკებზე. ვერ დაასახელა ვერცერთი მონაკვეთი, სადაც საზღვარი შეთანხმებულია აზერბაიჯანულ მხარესთან და რომლის გადახედვასაც დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო განიხილავს, ან მიაჩნია, რომ არის უკანონო, ან არის ქართული მხარის ინტერესის დამაზიანებელი. მოწმემ ვერ თქვა და ვერ დაასახელა ვერცერთი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც ბრალდებულებს, ამ შემთხვევაში ბატონ ივერი მელაშვილს, რაიმე სახის პოზიცია ჰქონოდა ან რაიმე სახის მოლაპარაკებებში ყოფილიყო, სადაც საქართველოს ინტერესი დაზიანებულიყო. ის გარემოებები, რაზეც ჩვენ ვუთითებდით, ეს არის ქრონოლოგია და მტკიცებულებები, რომელიც საქმეშია, როგორც ჩვენ აღვწერდით, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ზუსტად ისეა მოცემული“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. დავით გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ ჩვენება მისცა. პროკურატურამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის ყოფილ უფროსს - ივერი მელაშვილსა და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს ნატალია ილიჩოვას ბრალი წაუყენა.
პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.