კაცმა 13 წლის გოგონას მუქარით ინტიმური ვიდეო გადააღებინა და მისთვის გაგზავნა აიძულა

23.01.24 11:31
კაცმა 13 წლის გოგონას მუქარით ინტიმური ვიდეო გადააღებინა და მისთვის გაგზავნა აიძულა

13 წლის გოგოს პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე 23 წლის კაცი დააკავეს. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, კაცმა მოზარდს მუქარით ინტიმური მასალა გადააღებინა და გააგზავნინა.

 გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2023 წლის სექტემბერში სოციალური ქსელით 13 წლის გოგო გაიცნო, რომელსაც Facebook-ით საუბრისას, შიშველი სხეულის ამსახველ ფოტო/ვიდეო კადრების გადაღება და გაგზავნა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლასთან დახვედრით და ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრა.

"შეშინებულმა არასრულწლოვანმა ზემოაღნიშნულ პირს ინტიმური შინაარსის შემცველი სხეულის ფოტო და ვიდეო კადრები გადაუგზავნა. ამის შემდეგ კი ბრალდებულმა არასრულწლოვანს აღნიშნული კადრების დედასთან და ახლობლებთან გავრცელების მუქარით, დამატებით ფოტო და ვიდეომასალის გადაგზავნა აიძულა. ასევე, ბრალდებულმა არასრუწლოვანი მუქარით აიძულა, კბილის ჯაგრისის გამოყენებით სექსუალური ხასიათის სხვადასხვა მოქმედება განეხორციელებინა და ამის ამსახველი კადრები მისთვის გადაეგზავნა", - აცხადებენ უწყებაში.

ირკვევა, რომ მას შემდეგ, რაც მომხდარი ფაქტის შესახებ 13 წლის არასრულწლოვნის დედამ შეიტყო, მან დასახმარებლად და დანაშაულზე რეაგირებისთვის სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა.

საბოლოოდ, დაკავებულის მობილურ ტელეფონში ნანახი იქნა არასრულწოვნის ინტიმური შინაარსის ფოტო/ვიდეო მასალა. 

პროკურატურამ 23 წლის კაცს ბრალდება პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, სექსუალური ხასიათის ქმედების იძულებისა და გარყვნილი ქმედებისთვის წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.