საკონსტიტუციო სასამართლომ ტელევიზიების ერთობლივი სარჩელი წარმოებაში მიიღო

25.06.21 17:07
საკონსტიტუციო სასამართლომ ტელევიზიების ერთობლივი სარჩელი წარმოებაში მიიღო

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო  ,,TV პირველის", ,,მთავარი არხის", ,,კავკასიისა" და ,,ფორმულას"  ერთობლივი სარჩელი, რომელიც გამოხატვის უფლების შეზღუდვას ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" ავრცელებს. 

მოსარჩელეები, რომელთა ინტერესებს სასამართლოში ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" წარმოადგენს, დავობენ, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსში და მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში არსებული რეგულაციები გაუმართლებლად ზღუდავს მათ გამოხატვის თავისუფლება და არ პასუხობს კანონის ხარისხის მოთხოვნებს.

ორგანიზაციის განცხადებით, გასაჩივრებული ნორმები მაუწყებელს ავალდებულებს ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისაგან არასრულწლოვნის დაცვას და უკრძალავს მსგავსი ინფორმაციის შემცველი პროგრამის გადაცემას.

მოსარჩელეთა აზრით, ბავშვთა უფლებების დაცვის მოტივით მიღებული რეგულაციები ბუნდოვანია, რაც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ შინაარსობრივ რეგულირებას დაექვემდებაროს გამოხატვის თავისუფლებით დაცული ისეთი მასალა, რომლის შეზღუდვასაც ბავშვთა უფლებების დაცვის ინტერესი ვერ გადასწონის. 

 მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილოს სარჩელი, რათა არ გაიზარდოს კომისიის მხრიდან მედიისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებლად ჩარევის რისკები  – წერია განცხადებაში.

2019 წლის სექტემბერში ბავშვთა უფლებათა კოდექსსა და მაუწყებლის შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რომლითაც, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის განცხადებით, ინტერნეტში "ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი შინაარსის გავრცელება უნდა შეიზღუდოს".