კისერში ჩამაფრინდნენ, ჩემი დახრჩობა სცადეს - მთივლიშვილი პოლიციელებს ძალადობაში ამხელს
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი საპროტესტო აქციის დროს, რაც კეკელიძის ქუჩა ნომერი 1-დან ოჯახის გამოსახლებას მოჰყვა, პოლიციელებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ამხელს და საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, რომ სამართალდამცველები ავტომობილში მის დახრჩობას ცდილობდნენ.
მისი თქმით, იმ დროს, როდესაც პოლიციელები მასზე ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდნენ, სამხრე კამერა გამორთული ჰქონდათ, შესაბამისად ფაქტის ამსახველი მასალა არ არსებობს.
როცა ვამბობ, რომ პოლიციელები ველურებივით, არაადამიანურად იქცეოდნენ, ამას ვგულისხმობ! ხომ შეიძლება, თვალი გამოეთხარათ? ორივე ონლაინპლატფორმა "მაუწყებლის" ჟურნალისტია. ასე მახრჩობდნენ მეც პოლიციის ავტომობილში. სამწუხაროდ, დახურულ მანქანაში კადრიც ვერავინ გადაიღო. ტელეფონის წართმევა უნდოდათ, სავარაუდოდ, იმიტომ, რომ უკანონო დაკავების და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ამსახველი ვიდეომტკიცებულება წაეშალათ. ხუთიდან არცერთ პოლიციელს არ ჰქონდა სამხრე კამერა! იმ ხუთიდან, სულ მცირე ორი მთლად შერაცხადი არ უნდა იყოს! კისერში რომ ჩამაფრინდნენ, კანკალებდნენ, სახეც შეშლილი ჰქონდათ, დორბლი სდიოდათ. რაღაც მომენტში დავუშვი, ვაითუ, მესროლონ და მერე რამე დამაბრალონ მეთქი. ყველაფერი დამაბრალეს მანამდე, რომ წინააღმდეგობას ვუწევდი, არ ვემორჩილებოდი, მანქანიდან გადახტომას ვცდილობდი და ა.შ. მიდი და ამტკიცე ახლა, რომ გახრჩობდნენ. ამიტომ ვითხოვდი, რაც შეიძლება სწრაფად მივეყვანე პოლიციის განყოფილებაში, სადაც ვიდეოსამეთვალყურეო კამერის იმედი მაინც მქონდა. ამ ფოტოზე რომ ჩანს ნაცრისფერი ქუდით, მაგან დამაკავა", - წერს გელა მთივლიშვილი.
დამტვრეული ავტომობილები, სავარაუდოდ გაზით მოწამლული მოქალაქეები, პოლიციელები და ათობით დაკავებული - ამ შედეგით დასრულდა ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების.
კეკელიძის ქუჩაზე დიდი პროტესტის და წინააღმდეგობის მიუხედავად ხუთ-სულიანი ოჯახი სახლიდან იძულებით გამოიყვანეს. ახლა ბინიდან მათი ნივთების გამოტანა ხდება. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფოც, რადგან პოლიციასა და შეკრებილებს შორის შტეკერების დროს რამდენიმე პირი დაშავდა.