უსამართლობაა, უნდათ ეს ტერიტორია პირადი ინტერესებისთვის გამოიყენონ - მედიკოსების პროტესტს სოფო ჯაფარიძე შეუერთდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სპეციალური წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან, ექიმების მხარდასაჭერად მივიდა - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი დარწმუნებულია, რომ კონკრეტული პირები საკუთარი კეთილდღეობის შექმნის მიზნით აპირებენ კლინიკის დემონტაჟს.
სოფო ჯაფარიძე ფაქტს უსამართლობას უწოდებს და ამბობს, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო სწორედ ის ადგილია, რომელმაც ექიმების არაერთი თაობა აღზარდა.
ეს არის ყველაზე დიდი უსამართლობა. ეს არ არის მხოლოდ კლინიკა. ეს არის ადგილი, სადაც აღიზარდნენ ექიმების თაობები, რომლებიც დღეს ასე დგანან მთელი ჩვენი მოსახლეობის სიცოცხლის სადარაჯოზე. ამ ადამიანებისთვის ეს ადგილი არის მეორე სახლი და ეს არის იმედი ჩვენი მოსახლეობის. იმიტომ, რომ ვიღაცამ გაიღვიძა და მოუნდა, რომ აქ ეს კლინიკა აღარ იყოს, ჩვენ ყველა კარგად ვხვდებით, რომ მიზანი კლინიკის აშენება აქ არ არის. მიზანი არის ის, რომ გამოიყენონ ეს არაჩვეულებრივი ტერიტორია პირადი ინტერესებისთვის და ჯიბის გასასქელებლად", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
ექიმები მასშტაბური პროტესტისთვის ემზადებიან - რესპუბლიკური საავადმყოფოს მედიკოსები ხვალ, 3 საათზე ქუჩაში გავლენ. თეთრხალათიანები უსამსახუროდ დარჩენას გააპროტესტებენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვენ მთავრობას, შეცვალონ ქალაქის მთავარი საავადმყოფოს დემონტაჟის გადაწყვეტილება.
მედიკოსები უწყვეტ რეჟიმში აქციების გამართვას მთავრობის სახლთან და ყველა სახელმწიფო უწყებასთან აანონსებენ.