"ფეხზე დამქაჩეს და გადმოვვარდი, ფეხი მაქვს ნაღრძობი" - კეკელიძის ქუჩაზე დაზარალებულ პირთა წრე იზრდება
კეკელიძის ქუჩაზე დაზარალებულ პირთა წრე იზრდება. კაციტაძის უწყებაში სამმა ჟურნალისტმა მისცა ჩვენება. ისინი გუშინ გვიან ღამით გამოიკითხნენ. ესენი არიან მედია-ჰოლდინგ "სფეროს" წარმომადგენლები, რომლებსაც დაზიანებები აქვთ მიყენებული.
დღეს მათ ექსპერტიზა ჩაუტარდებათ. საკმაოდ მძიმეა ის ფაქტები, რომელსაც მედიის წარმომადგენლები "პირველებთან" აღწერენ.
"აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებისგან რამოდენიმეჯერ მივიღე სიტყვიერი შეურაცხყოფები და ფიზიკურ ანგარიშსწორებასაც ჰქონდა ადგილი. მოაჯირზე გადმოვდიოდი, კიბე გამომაცალეს და ერთ-ერთი აღსრულების ბიუროს წარმომადგენელმა ფეხზე დამქაჩა, რა დროსაც ინერციით გადმოვარდი. კიდევ კარგი აქტივისტებმა დამიჭირეს და დავიზიანე მხოლოდ ქვედა კიდური. კოჭი მაქვს ნაღრძობი. დღეს მივდივართ ექსპერტიზაზე. ვარდნის პროცესში ვერ დავინახე ვინ იყო, შესაბამისად იდენტიფიცირება გამიჭირდება, თუმცა არსებობს კადრები დასაწყისი ეპიზოდი, რა დროსაც სხვა დაზიანებები მომაყენეს", - ამბობს "სფეროს" ჟურნალისტი.
კეკელიძის ქუჩაზე დაკავებული აქტივისტები ბრალის წარდგენას ელოდებიან. "მოძრაობა ხმის" წევრების პატიმრობიდან 48 საათი იწურება. იზოლატორებში გამომძიებლებს დღეს ელოდებიან. ადამიანებს, ვინც მრავალშვილიანი ოჯახის სახლიდან გამოსახლებას აპროტესტებდა 6 წლიანი პატიმრობა ემუქრებათ. პარალელურად, გრძელდება გამოკითხვები სპეციალურ საგამოძიებო სამსახურშიც. უკვე მესამე დღე გავიდა ხმაურანი პროტესტის შემდეგ, თუმცა, ამ დრომდე, არ ვიცით დაიბარებენ თუ არა ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მხილებულ სამართალდამცველებს გამოკითხვაზე. პოლიცილების წინააღმდეგ ჩვენებები აქტივისტებმა და ჟურნალისტებმაც მისცეს.