შეიარაღებული თავდასხმა ბანკზე - დაკავებული ანრი ლოლუა ბრალის წარდგენის მოლოდინშია

27.01.24 11:25
შეიარაღებული თავდასხმა ბანკზე - დაკავებული ანრი ლოლუა ბრალის წარდგენის მოლოდინშია

ბანკის დაყაჩაღებაში მხილებული კაცი  ბრალის წარდგენას ელოდება. ანრი ლოლუა სენაკის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ამ დრომდე უცნობია, ჰყავს თუ არა დაკავებულს უფლებადამცველი. ახლაგაზრდა მამაკაცს გამოძიება საქართველოს ბანკში შეჭრას და დანის მუქარით ფულის  გატაცებას ედავება.

არსებობს ვერსიაც, რომ მამაკაცი მარტო არ მოქმედება და მას თანამზრახველები ჰყავდა.  დაკავებულის მეზობლებს მომხდარის დაჯერება უჭირთ და ამბობენ, რომ ლოლუა ბრწყინვალე ადამიანია.

"ბრწყინვალე ბავშვია, არაფერში რომ შემჩნეული არაა. მემგონი ცოლის სახლში ცხოვრობს. მუშაობდა, დიდ მანქანაზე იჯდა", - ამბობენ სოფელში.

მთელი ღამის განმავლობაში სენაკის პოლიციაში გამოკითხვების სერია მიდიოდა. გამომძიებლების კითხვებს ბანკში დასაქმებულები პასუხობდნენ - სწორედ მათ ჩვენებებზეა დამოკიდებული, გაიზრდება თუ არა დაკავებულ პირთა წრე.

გუშინ დანით შეირაღებული კაცი შენობაში შეიჭრა და მუქარის შედეგად სალაროდან 900 ევრო გაიტაცა. ამის შემდეგ თავდამსხმელმა ადგილიდან მიმალვა სცადა, თუმცა ვერ მოასწრო.

ბანკში განგაშის სიგნალი ჩაირთო. ადგილზე მისულმა სამართლადამცველებმა კი მამაკაცი ბანკის შენობასთან ახლოს, პარკში დააკავეს. 

შსს-მ ყაჩაღობის ფაქტზე, 30-წლამდე პირი დააკავა - სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-იდან 7-წლამდე ითვალისწინებს.