უნივერსიტეტის კანცელარია ამ დრომდე პროტესტის ეპიცენტრში რჩება - სტუდენტები პროტესტის მწვავე ფორმებს აანონსებენ
აუდიტორია ნომერი ერთი ამ დრომდე პროტესტის ეპიცენტრში რჩება - სტუდენტების მოთხოვნას რექტორი ისევ არ გამოხმაურებია. ჯაბა სამუშია და თსუ-ს ადმინისტრაცია კვლავ დუმს.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გუშინ, გვიან ღამით დაბრუნდა საქართველოში. მან თავდაპირველად სტუდენტებს ულტიმატუმი წაუყენა იმასთან დაკავშირებით, რომ კანცელარია დაეტოვებინათ. აქციის მონაწილეებმა ბრძანებაზე უარი განაცხადეს და პროტესტის ნიშნად ტერიტორია მთელი ღამის განმავლობაში დაიკავეს.
სტუდენტები "პირველებს" უყვებიან, რომ საპროტესტო აქციას დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან ლექტორებიც შემოუერთდებიან. მათი თქმით, პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და რექტორი არ გადადგამს ქმედით ნაბიჯებს კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლებისას დაკავებული გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას მხარდასაჭერად.
ფაქტობრივად, პიკეტირებულია უნივერსიტეტის კანცელარიის განყოფილება. ჩვენთვის სრულიად აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და რექტორს, ჯაბა სამუშიას ამ დრომდე არ ჰქონია რაიმე სახის განცხადება რეჟიმის მიერ განხორციელებული იმ უსამართლობის მიმართ, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლიც არის ამავე უნივერსიტეტის ლექტორი. ეს პროტესტი გაგრძელდება და უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს, თუკი მათი მხრიდან არ იქნება ადეკვატური ნაბიჯები გადადგმული ამ ადამიანების მხარდასაჭერად", - ამბობს ერთ-ერთი სტუდენტი.
შეგახსენებთ, რომ პროტესტის რეჟიმში გადასული სტუდენტები კეკელიძის ქუჩაზე, გამოსახლებისას დაკავებული ლექტორების გათავისუფლებას ითხოვენ. გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.