ახალგაზრდების ტერიტორიაზე უკანონო შეჭრას გამართლება არ აქვს, დათმობაზე წასვლას არ ვაპირებ - ჯაბა სამუშია

27.01.24 15:49
ახალგაზრდების ტერიტორიაზე უკანონო შეჭრას გამართლება არ აქვს, დათმობაზე წასვლას არ ვაპირებ - ჯაბა სამუშია

ყურადღების ცენტრში კვლავ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნომერ პირველი აუდიტორიაა, სადაც ამ წუთებში აკადემიური საბჭოს სხდომა მიმდინარეობს - სიტყვით რექტორი, ჯაბა სამუშია გამოვიდა, რომელიც სხდომის დასრულებისთანავე კანცელარიაში შეკრებილ სტუდენტებს უნდა შეხვდეს.

სამუშია ამბობს, რომ დათმობაზე წასვლას არ აპირებს და ახალგაზრდების უკანონო შეჭრას ტერიტორიაზე არანაირი გამართლება არ გააჩნია.

არ არის ეს ის ადგილი, სადაც შესაძლებელია, ძალისმიერი მეთოდებით ჩვენებები. არ არის ეს ის ადგილი, სადაც შესაძლებელია, რომ ვიღაცებმა თავიანთი მოსაზრებების გამო პარალიზება მოახდინონ. ერთი რამ მინდა გთხოვოთ, პატივი ეცით თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ინსტრუქციებს. არც ერთ თქვენგან არ შეხვედრიან ახალგაზრდები. მე მესმის, რომ ამოწურული იყო ყველანაირი რესურსი, მაგრამ ამ შემთხვევაში, გამართლება არ აქვს სადღაც შეჭრას და ვიღაცის სივრცეებში შეჭრას, რა უბედურებაა. ასე უნივერსიტეტში არ იქცევიან. დანარჩენზე ვილაპარაკოთ. იქ საჭიროა საუბარი სასამართლოსთან მიმართებით და ა.შ., ეს სხვა თემაა. ჩვენ თუ არ წავედით ამ გზით ძალიან მძიმე შედეგებს მივიღებთ. ყველაზე ძვირფასი და ყველაზე წმინდა დაინგრევა უნივერსიტეტში, პროფესორსა და სტუდენტებს შორის ურთიერთობა დაინგრევა", - ამბობს ჯაბა სამუშია.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციები პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს. ახალგაზრდები კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული ლექტორების, გიორგი სახაიასა და კაკო ჩიქობავას გათავისუფლებას ითხოვენ, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და რექტორს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.