"ჯაბა სამუშია პროკურატურის ინტერესებს იცავს!" - სტუდენტები თსუ-ს რექტორის წინააღმდეგ

27.01.24 17:28
"ჯაბა სამუშია პროკურატურის ინტერესებს იცავს!" - სტუდენტები თსუ-ს რექტორის წინააღმდეგ

"რექტორი პროკურატურის ინტერესებს იცავს!" -ასე პასუხობენ სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გზავნილებს. ახალგაზრდებს აქვთ მოლოდინი, რომ უნივერსიტეტის შენობას ძალის გამოყენებით დაატოვებინებენ, თუმცა მათი თქმით, საპროტესტო აქციები გაგრძელდება იქამდე, სანამ აქციის მონაწილეების მოთხოვნები არ იქნება დაკმაყოფილებული.

"მაისის სტუდენტური მოძრაობის" წარმომადგენლები "პირველებთან" ამბობენ, რომ ჯაბა სამუშია შეგნებულად ცდილობს სამართლიანი პროტესტის გაშავებას.

შემიძლია განვაცხადო, რომ ჯაბა სამუშია მიზანმიმართულად ცდილობს "მაისის სტუდენტური მოძრაობისა" და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ სამართლიანი პროტესტების გაშავებას და შესაბამისად, ის იკავებს პროკურატურის პოზიციას. დღეს ისეთი სამარცხვინო ადმინისტრაცია არის უნივერსიტეტის მმართველობაში თავის რექტორთან ერთად, რომ მან სწორედ დაუშვა, რომ სტუდენტები უნივერსიტეტიდან გამოაძევონ ძალის საშუალებით. გრძელდება კანცელარიის ტერიტორიის დაკავება და აქციას ჩვენს მხარდამჭერებთან ერთად გავაგრძელებთ", - ამბობს სტუდენტი.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაკავებული ლექტორების მხარდამჭერ ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს - ამ შედეგით დასრულდა აკადემიური საბჭოს სხდომა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჯაბა სამუშია რამდენიმე საათის განმავლობაში პროფესორ-მასწავლებლებს ხვდებოდა, თუმცა დახურულ კარს მიღმა შეხვედრა მხოლოდ თავდასხმებით დასრულდა.

ეკონომისტი ოთარ აბესაძე აცხადებს, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და რექტორი ინდივიდუალურად, კანონის ფარგლებში დაუჭერს მხარს კეკელიძის ქუჩიდან გამოსახლების დროს დაკავებულ გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას.

როგორც რექტორმა, ისე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პერსონალმა დააფიქსირა თავისი მოსაზრება. მათ თავიანთი ემპათია და სოლიდარობის განცდა პროფესორებისადმი და თსუ, როგორც უნივერსიტეტი, როგორც ინსტიტუცია და როგორც ადმინისტრაცია, ინდივიდუალურად დაუდგებიან მხარში კანონის ფარგლებში დაკავებულებს. ეს იქნება თავდებობის ფორმა, ეს იქნება სხვადასხვა ტიპის დახმარება. ასეთი პროტესტის ფორმა არის მიუღებელი უნივერსიტეტისთვის", - ამბობს აბესაძე.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციები პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს. ახალგაზრდები კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული ლექტორების, გიორგი სახაიასა და კაკო ჩიქობავას გათავისუფლებას ითხოვენ, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და რექტორს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.