მსხვერპლს დანა ოთხჯერ დაარტყა და მიატოვა - ორბელიანზე მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
კაცი, რომელმაც ორბელიანის ქუჩაზე მეგობარი მოკლა, მოსამართლემ ორთვიან პატიმრობაში დატოვა - სანდრო პაკელიანი საბრალდებო სკამზე დუმდა. ბრალდებულს არ უთქვამს, თუ რის გამო გაიმეტა ნიკიტა აგიევი სასიკვდილოდ.
სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ სავარაუდო მკვლელმა მსხვერპლს დანა ოთხჯერ ჩაარტყა, შემდეგ ქუჩაში მიატოვა და ტერიტორია ტაქსით დატოვა. "პირველების" ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულ პირთა წრე გაფართოვდეს და მუხლიც გადაკვალიფიცირდეს, რადგან საგამოძიებო უწყების ცნობით, განსასჯელის სკამზე მჯდომ პირთან ერთად კიდევ სამი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც პროკურატურას ამ დროისთვის იდენტიფიცირებული ჰყავს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ მხარეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საბედისწერო ჩასაფრება ბრალდებულმა გარდაცვლილს ორბელიანის მოედანზე მოუწყო და ცივი იარაღით მრავლობითი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.
პროკურორი "პირველებთან" საუბრისას აცხადებს, რომ ჩხრეკის დროს 4 პირს მობილური ტელეფონები არ აღმოაჩნდათ, რაც მისი თქმით, იწვევს განცდას, რომ სავარაუდო დამნაშავეებმა ტელეფონები განზრახ მოიშორეს.
ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებები არის მოპოვებული ათეულობით. ეს არის ამოღების ოქმები, სხვადასხვა ნივთიერი მტკიცებულებები, დათვალიერების ოქმები, ასევე ათეულობით მოწმე არის გამოკითხული, რომლებიც ერთიანობაში ადასტურებენ ბრალდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ საქმიანობას. ამ ეტაპზე დადგენილია, რომ ბრალდებულთან ერთად სამი პიროვნება იმყოფებოდა, თუმცა რაში გამოიხატებოდა მათი როლი, ეს არის მტკიცებულებების მოპოვების ანალიზზეა დამოკიდებული. შემთხვევის ადგილი მათ დატოვეს ტაქსის მეშვეობით. შესაბამისად, ამ ეტაპზე, გამოძიების ფარგლებში დგინდება ყველას პოზიცია, სად გადაადგილდებოდნენ და რა ფორმით. არც ერთ მათგანს არ გააჩნდა მობილური ტელეფონი. ჩვენი პოზიციით, მათ მოიშორეს მობილური ტელეფონი", - ამბობს პროკურორი.