"უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადება სამარცხვინოა" - პროტესტის მესამე დღე თსუში
პროტესტის მესამე დღე თსუში - უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შეკრებილი სტუდენტები უნივერსიტეტის რექტორს, ჯაბა სამუშიას, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას გათავისუფლების მიზნით, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ ოფიციალურ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებენ და ამბობენ, რომ პროტესტისა და სოლიდარობის ნიშნად უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი უნდა შეაჩეროს.
გაიმართა სენატის სხდომა, რის შემდეგაც ჩვენ, სტუდენტების გარკვეული ნაწილი შევხვდით რამდენიმე ლექტორს და მათგან მოვისმინეთ ის სამარცხვინო განცხადება, რაც დაიდო თსუს ოფიციალურ გვერდზე. ეს, რა თქმა უნდა, არანაირად არ არის დამაკმაყოფილებელი ჩვენთვის, რადგან ისინი თვლიან, რომ სოლიდარობის წერილები, პოსტები და ხელმოწერები არის საკმარისი, რომ ჩვენი ლექტორი გათავისუფლდეს. რეალურად, პროფესორების შუამდგომლობა და ხელმოწერები ჩვენ ვნახავთ პირველ სასამართლო პროცესზეც, რომელიც სასამართლომ არაფრად არ ჩააგდო და ამიტომ, ვითხოვთ უფრო მკაფიო ნაბიჯებს, რაც იქნება სასწავლო პროცესის შეფერხება სოლიდარული გაფიცვის კუთხით. კანცელარიის დაკავებით ვაფერხებთ სამუშაო პროცეს და არ ვაპირებთ იქიდან გამოსვლას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ლექტორებს, პროფესორებს, მიიღონ ჩვენი მოთხოვნები", - ამბობს სტუდენტი.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციები პერმანენტულ რეჟიმში მიმდინარეობს. ახალგაზრდები კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული ლექტორების, გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას გათავისუფლებასა და მართლმსაჯულების აღდგენას ითხოვენ, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციასა და რექტორს სასწავლო პროცესის შეჩერებას სთხოვენ.