საქართველოს ბანკში მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

29.01.24 13:17
საქართველოს ბანკში მომხდარი ყაჩაღობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა

საქართველოს ბანკზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული კაცი მოსამართლემ ციხეში გაუშვა. დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. ის დღეს სენაკის სასამართლოში მარტო იყო. ახალგაზრდამ ადვოკატის მომსახურებაზე უარი განაცხადა.

ანრი ლოლუას დარბაზში არ უთქვამს,. დამოუკიდებლად დაგეგმა ბანკზე თავდასხმა თუ ჰყავდა თანამზრახველი. თანხა, რომელიც ახალგაზრდა კაცმა სენაკის ფილიალიდან გაიტაცა, სამართალდამცველებმა უკვე იპოვეს. ის ახლა ნივთმტკიცებაა, რომლითაც ბრალდების მხარე შეეცდება, შვიდ წლიან პატიმრობაში გაუშვას  ანრი ლოლუა.

ირკვევა, რომ დაკავებული წარსულში ძალადობის ბრალდებით იყო დაკავებული და სასჯელიც მოიხადა. 

ლოლუას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, 26 იანვარს დანით შეიარაღებული ბრალდებული თავს დაესხა სენაკში მდებარე საქართველოს ბანკის თანამშრომლებს, რომლებიც იმ დროისთვის მოქალაქესთან საბანკო ოპერაციას ახორციელებდნენ. უწყების თქმით, თავდამსხმელი დანის დემონსტრირებით დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ 900 ევროს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.