ღარიბაშვილის გაშვებით მინისტრთა კაბინეტში ყველაფერი თავდაყირა დგება - ვინ იცვლება?
ღარიბაშვილის გაშვებით მინისტრთა კაბინეტში ყველაფერი თავდაყირა დგება - ახალი კაბინეტი ახალმა პრემიერმა საკუთარი გუნდით უნდა დააკომპლექტოს. ამიტომ კობახიძე ღარიბაშვილის გარემოცვის გასაშვებად უკვე ემზადება. მოსალოდნელია, რომ პოსტებიდან მთავრობის მინიმუმ 4 მინისტრი გაუშვან.
წასვლა ემუქრებათ თავდაცვის, იუსტიციის, ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს. პოლიტიკურ კულუარებში უკვე სახელდებიან მათი შემცვლელებიც. არ არის გამორიცხული, რამდენიმე დეპუტატმა პარლამენტიდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლოს.
რა ხდება პრემიერის გადადგომის შემდეგ და ვის გაუშვებენ მთავრობიდან?
კანონის თანახმად, ახალი მინისტრთა კაბინეტი ირაკლი კობახიძემ უნდა წარადგინოს, თუმცა ვიდრე ახალი მინისტრთა კაბინეტს წარადგენს, საჭიროა, ის ბიძინა ივანიშვილმა წარადგინოს პრემიერობის კანდიდატად.
"ქართული ოცნების" წესდებაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, სწორედ პარტიის საპატიო თავმჯდომარე წარადგენს თანამდებობაზე დასამტკიცებლად პრემიერს. საქართველოს მთავრობის მინისტრთა კაბინეტში სულ 12 მინისტრი გვყავს. აქედან ორი ვიცე პრემიერია.
ვინ ითვლება, რომ არის ღარიბაშვილის გუნდში და ვის ვეღარ ვნახავთ სავარაუდოდ ახალ მთავრობაში? - ესენი არიან, ილია დარჩიაშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრი; რატი ბრეგაძე - იუსტიციის მინისტრი, რომელმაც დღეს ფაქტობრივად თავადვე დაადასტურა წასვლა და ირაკლი ღარიბაშვილს ვრცელი გამოსამშვიდობებელი პოსტი მიუძღვნა. ზურაბ აზარაშვილი - ჯანდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე - თავდაცვის მინისტრი რომელიც კორუფციულ სკანდალში არა ერთხელ გაეხვა. მათ შორის მის სახელს უკავშირდება ჯარისკაცების ფულით ძვირადღირებული ტელეფონების და ალკოჰოლური სასმელების ყიდვა, ხოლო მისი შვილის სახელზე, მილიონობით დოლარის ქონებაა გაფორმებული.
ეს ის სამი ადამიანია, ვინც ღარიბაშვილის უახლოესი გარემოცვის წევრებად ითვლებიან და მინისტრებად სწორედ ღარიბაშვილმა დანიშნა.
ვინ შეიძლება, რომ წავიდეს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილება საბოლოოდ მიღებული არ არის?! - თეა წულუკიანი. "პირველების" ინფორმაციით, მასზე ივანიშვილი გაბრაზებულია იმის გამო, რომ კულტურის სფეროს წარმომადგენლები
"ქართულ ოცნებას" გადაკიდა. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წულუკიანს სახლში გაუშვებენ, მისთვის ღარიბაშვილის მსგავსად, ადგილი სავარაუდოდ პარტიაში აქვთ.
შემდეგია ლევან დავითაშვილი, რომელიც ვიცე-პრემიერად ღარიბაშვილმა დააწინაურა და ოთარ შამუგია, რომელიც ძველ თანამდებობაზე ანუ სოფლის მეურნეობის სამინისტროში დავითაშვილმა დატოვა და პრაქტიკულად ამ პერიოდის განმავლობაში მისი ფრთის ქვეშ მუშაობდა.
ვინ რჩება - ფინანსთა მინისტრი - ლაშა ხუციშვილი, ის პირადად ბიძინა ივანიშვილის სანდო კადრია. ხუციშვილი, ივანიშვილს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად უნდოდა, თუმცაა ეს გეგმა სალომე ზურაბიშვილმა ჩაშალა. ასევე აღსანიშნავია, ხუციშვილის მამა, ნუგზარ ხუციშვილი, რომელიც წლებია, ივანიშვილის სხვადასხვა კომპანიაში და ახლა უკვე პარტიაა ქართულ "ოცნებაში" ფინანსებს განკარგავს.
ირაკლი ქარსელაძე - რეგიონული განვითარების მინისტრი. ის საქართველოს მთავრობაში "ქართუ" ბანკიდან მოხვდა. დამრჩენთა სიაშია ვახტანგ გომელაურიც შინაგან საქმეთა მინისტრი. ის პირადად ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირია.
სხვათა შორის, პოლიტიკურ კულუარებში აქტიურად საუბრობენ რომ ეს თანამდებობა მამუკა მდინარაძეს უნდა, თუმცა ჯერ მიზანს ვერ მიაღწია.
რჩება განათლების მინისტრი, ის ამ პოსტზე პარტიული ხაზით მოხვდა. ასევე რჩება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი.