"დამლაგებელთა გილდია" ღარიბაშვილს მადლობას უხდის რომ საქართველოში ომი არ არის
"საქართველოს დამლაგებელთა გილდიის“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის, რომ საქართველოში ომი არ არის.
ყოფილი ბანკირი ნიკოლოზ შურღაია BMG-სთან ამბობს, რომ დიდი მონაპოვარია, რომ ქვეყანამ პოლიტიკური სტაბილურობა შეინარჩუნა და ომში არ აღმოჩნდა ჩართული.
კითხვაზე - რას გულისხმობს ომის თავიდან აცილებაში, ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში სამხედრო მოქმედებები არ ყოფილა.
ძალიან მრავლისმომცველი საკითხია და ძნელია, შეაფასო. დიდი მონაპოვარია, რომ ქვეყანამ შეინარჩუნა პოლიტიკური სტაბილურობა და არ აღმოვჩნდით ომში ჩართული, რაც ეკონომიკისთვის კარგი იყო.
სამხედრო მოქმედებები და ცხელი ომი არ ყოფილა, თუმცა ქვეყანა რუსეთის აგენტებით სავსეა. ჩემი ხედვა ასეთია, შეიძლება სუბიექტურია. ცხელ ომში არ ვართ ჩართული. იქ სურვილის საკითხია და ბევრ ადამიანს გული ეწვის. "ვეფხისტყაოსნის" კუთხით რომ შევხედოთ, ჩვენს ძმას რომ ისე არ ვეხმარებით, როგორც საჭიროა, ეს ტკივილი ჩემთვის გასაგებია. ჩვენში ორი საკითხია: "არ დავიწყება მოყვრისა, აროდეს გვიზამს ზიანსა" და მეორე მხარესაა: "საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან” და ასეთ რთულ გზებზე დავდივართ.
ზედიზედ ორი წლის განმავლობაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა იყო, თუმცა მეორე მხრიდან რომ შევხედოთ, პროდუქტიულობის გაუმჯობესებას ვერ ვხედავ. ჩვენი თითოეული მუშაკის პროდუქტიულობა თითქმის უცვლელია. შესაბამისად, ბევრი მიღწევა, რომელიც გვაქვს, ერთჯერადი ფაქტორია, რა თქმა უნდა, ყველა არა. ერთჯერადი ფაქტორები მთავრდება. ბევრი რეფორმა არ მინახავს., - აღნიშნა ნიკოლოზ შურღაიამ.