ქობულეთის მერიამ მოქალაქეს სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბე დაუნგრია და მიატოვა

30.01.24 19:00
ქობულეთის მერიამ მოქალაქეს სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბე დაუნგრია და მიატოვა

ქობულეთის მერიამ მოქალაქეს სახლის მეორე სართულზე ასასვლელი კიბე ახლის გაკეთების მოტივით დაუნგრია, თუმცა დემონტაჟის შემდეგ უწყების არც ერთი თანამშრომელი არ გამოჩენილა.

AJARATIME-ის ცნობით, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდსამაგრი სამუშაოები უნდა განეხორციელებინა, რასაც ამირან მესხიძეს კუთვნილებაში არსებული სახლის კიბე აფერხებდა. უწყების მაშინდელი ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, ზაზა კაიკაციშვილი მოქალაქეს დაჰპირდა, რომ ქვის კიბის დემონტაჟის შემდეგ ახალს გაუკეთებდნენ, თუმცა ახლა მესხიძის წერილობით მიმართვასაც კი მერია პასუხის გარეშე ტოვებს.

მერიაში ამტკიცებენ, რომ კიბის დემონტაჟი მოქალაქის მოთხოვნის საფუძველზე მოხდა და მას ამ დრომდე არ მიუმართავს უწყებისთვის ახალი კიბის მოწყობის შესახებ.

ფერდსამაგრი კედლის მოწყობის დროს, მოხდა არსებული კიბის დემონტაჟი. კიბე იყო დაზიანებული და მისი დემონტაჟი მოქალაქემ თავად მოითხოვა. რაც შეეხება ახალი კიბის მშენებლობას, მერიის წარმომადგენლების მიერ მოხდა განმარტება, რომ აღნიშნული სამუშაოების ფარგლებში ვერ განხორციელდებოდა ახალი კიბის მოწყობა. საჭირო იყო დამატებით მოთხოვნის გაკეთება ინჟინერ-კონსტრუქტრის მოწვევასთან დაკავშირებით. მოქალაქე ამირან მესხიძეს უნდა დაეწერა შესაბამისი განცხადება, რის შემდეგადაც მერიის მიერ მოხდებოდა შესაბამისი ღონისძიების გატარება. ამირან მესხიძეს მერიისთვის ამ დრომდე კიბის მოწყობის სამუშაოებთან დაკავშირებით მომართული არ აქვს,” – უყვებიან AJARATIME-ს ქობულეთის მერიაში.

მსგავსი სიახლეები