"ალტ-ინფოს" ლიდერი გამოკითხვაზეა - ბექა ვარდოსანიძე სუსის თანამშრომლების კითხვებს პასუხობს
"ალტ-ინფოს" ლიდერი გამოკითხვაზეა - ბექა ვარდოსანიძე სუსის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების კითხვებს პასუხობს. გამოძიება მის კავშირებს ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების საქმეში ეძებს. ვაროსანიძემ უნდა თქვას, რა კავშირი აქვს იმ ელექტრონულ ფოსტასთან, რომლიდანაც ტელევიზიაში, შსს-სა და სუსში მუქარის შემცველი შეტყობინებები დაიგზავნა.
ვარდოსანიძე სუსში მოწმის სახით იკითხება.
"ალტ-ინფოს" ლიდერის მამა, რომელიც სუსთან იმყოფება, შვილის ტერორისტულ ორგანიზაციასტან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.
არაფერში არ არის დამნაშავე, ამაში ვარ დარწმუნებული. ჩემი ბიჭი არის პატრიოტი ბიჭი... არაფერი ვიცი... არაფერი შეტყობინებები არ ყოფილა, უნდათ, რომ გააჩუმონ. ბექა არის პატიოსანი ბიჭი, სამშობლოს მოყვარული ბიჭი, დანარჩენს გამოძიება გვაჩვენებს, - ამბობს ვარდოსანიძის მამა.
შეგახსენებთ, რომ დილით ბექა ვარდოსანიძის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა. გამოძიება რადიკალური დაჯგუფების წევრის ტერორიზმთან კავშირებს ეძებდა. გამომძიებლებმა სახლიდან მობილური ტელეფონები, კომპიუტერები და ელექტრონული ტექნიკა ამოიღეს.
რამდენიმე დღის წინ ბათუმსა და თბილისში განგაში გამოცხადდა. ბათუმის მოლებიდან მოქალაქეების ევაკუაცია გახორციელდა, ხოლო თბილისში სამთავრობო კვარტალში პოლიციის მობილიზება იყო.