გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა - სამწლიანი პაუზის შემდეგ, საქმის განხილვა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდზე იწყება

31.01.24 13:55
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა - სამწლიანი პაუზის შემდეგ, საქმის განხილვა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდზე იწყება

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმიდან გამოყოფილ ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულების, ნიკოლოზ რევაზიშვილის, ვახტანგ ჩიქოვანისა და არჩილ გაგნიძის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში სხდომა მიმდინარეობს.

სამწლიანი პაუზის შემდეგ, საქმის განხილვა თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდზე იწყება. ეს ეპიზოდი გურამ ამირხანაშვილს ეხება. მოკლული ფეხბურთელის მეგობარს, რომელიც გამოძიების მტკიცებით, შაქარაშვილის მკვლელობის შემდეგ ბრალდებულებმა თბილისში იძულებით წამოიყვანეს.

თავდაპირველად, ბრალდებულებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ სურდათ საქმის განხილვა, თუმცა, მათ მოგვიანებით აღნიშნულზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქმეს ახლა უკვე მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი განიხილავს.

როგორც საქმის პროკურორი ვახტანგ ცალუღელაშვილი აღნიშნავს, საქმეში არაერთი მტკიცებულებაა წარმოდგენილი.

„დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე შესავალ სიტყვას ვიტყვით. რაც შეეხება მტკიცებულებების გამოკვლევას, სავარაუდოდ, შემდეგი სხდომიდან დავიწყებთ. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს ეხება, რომელიც ჯგუფურ ძალადობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ეხება სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით. ძირითად საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია. საქმეში აუდიო-ვიდეომასალა, სათვალთვალო კამერებიდან ამოღებული ვიდეომასალა, მოწმეთა, დაზარალებულთა ჩვენებები და საექსპერტო კვლევებია. მათი დანაშაული მდგომარეობს შემდეგში - მათ განახორციელეს ჯგუფური ძალადობა, როცა თავს დაზარალებულებს დაესხნენ, შემდეგ ერთ-ერთ დაზარალებულს თავისუფლება აღუკვეთეს, რათა დანაშაული დაეფარათ", - განაცხადა ცალუღელაშვილმა.

ბრალდებულ არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის განმარტებით, დაზარალებულმა გური ამირხანაშვილმა ჩვენება შეცვალა და აცხადებს, რომ მას "ქემრის" მგზავრებმა თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს.

„თავისუფლების აღკვეთის ნაწილი ამ საქმეში ცნობილ ცრუ მოწმე, გური ამირხანაშვილს ეხება, რაც შეეხება ჯგუფურ ძალადობას, რამდენიმე დაზარალებული პირის მიმართ ედავებიან. უდავოა, რომ "ქემრის" მგზავრებს არავისზე უძალადიათ და არც დავობს პროკურატურა, უბრალოდ საქმეა ჯგუფურ ძალადობაზე და როგორც ამ პროცესში ჩართულ პირებს, მათაც წარედგინათ ბრალი. აღნიშნულ პირებს მკვლელობის ეპიზოდში 16-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი. გური ამიხრხანაშვილისთვის თავისუფლება არ აღუკვეთავთ, ის მცხეთიდან "დიდუბემდე" წამოიყვანეს. გამოკითხვის ოქმებში ის აღნიშნავდა, რომ თავისი ნებით წამოჰყვა "ქემრის" მგზავრებს. თუმცა, პროკურატურის ძალისხმევით მან ჩვენება შეცვალა და მიუთითებდა, თითქოს, მას თავისუფლება აღკვეთეს. "ქემრში" მსხდომ კიდევ სამ პირს უკვე აღნიშნულ ეპიზოდზე მისჯილი აქვთ, მათგან ორი არასრულწლოვანი იყო და მათი საქმე ცალკე იყო გამოყოფილი, ასევე "ქემრის" მძღოლის საქმეც ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა",- განაცხადა ნემსიწვერიძემ.

დაკავებულები წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ.

ცნობისთვის, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანსა და არჩილ გაგნიძეს გურამ ამირხანაშვილისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ ჯგუფურ ძალადობაშიც.

სამივე მათგანი მსჯავრდებულია გიორგი შაქარაშვილის ჯგუფურ მკვლელობაში და 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

მსგავსი სიახლეები