საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ვაპროტესტებთ - დღეს კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართება

31.01.24 14:20
საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას ვაპროტესტებთ - დღეს კულტურის სამინისტროსთან აქცია გაიმართება

დღეს, 31 იანვარს კულტურის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსი გაიმართება - კულტურის სფეროს წარმომადგენლები და მოქალაქეები ეროვნული კინოცენტრის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას გააპროტესტებენ.

აქციის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში წერენ, რომ "ბერლინალეზე" პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის თანამშრომლების წარდგენა ნეპოტიზმზე მიუთითებს.

დღეს, 31 იანვარს, 17:30 საათზე, კულტურის სამინისტროსთან გავმართავთ აქცია-პერფორმანსს და გავაპროტესტებთ ეროვნული კინოცენტრის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივ ხარჯვას.

ქვეყანაში, სადაც ოჯახებს ყოველდღიურად ასახლებენ უკანასკნელი საცხოვრებლიდან, სადაც ბავშვებს ღია ცის ქვეშ დარჩენისთვის იმეტებენ, კულტურის სამინისტრო და კინოცენტრი საბიუჯეტო თანხებს ფლანგავს პარტიის მორჩილი და არაკომპეტენტური ადამიანების ვოიაჟებისთვის.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მინისტრმა თეა წულუკიანმა ეროვნული კინოცენტრი გადააქცია ნეპოტიზმისა და არაკომპეტენტურობის ბუდედ.

სადაც არ უნდა წავიდეს მინისტრი, ყველგან მოვთხოვთ პასუხს კინოცენტრისა და მთლიანად ეროვნული კულტურის ჩამოშლის გამო", - წერენ აქციის ორგანიზატორები.

ცნობისთვის, ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს. როგორც ირკვევა, დელეგაციაში შედიან სამთავრობო პროპაგანდისტული არხის,  POSTV-ის წამყვანი, გური სულთანიშვილი და ამავე არხის ჟურნალისტი, სალომე გობრონიძე.

მსგავსი სიახლეები