ავტოგასამართი სადგურები უხარისხო საწვავის გამო ჯამში 2 000 000 ლარით დაჯარიმდნენ

31.01.24 14:29
ავტოგასამართი სადგურები უხარისხო საწვავის გამო ჯამში 2 000 000 ლარით დაჯარიმდნენ

ავტოგასამართი სადგურები უხარისხო საწვავის გამო ჯამში 2 000 000 ლარით დაჯარიმდნენ. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან დიზელის საწვავის 80 და საავტომობილო ბენზინის 20 სინჯი აიღეს. დარღვევა კი 28 სინჯში გამოვლინდა.

„ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დარღვევა გამოვლინდა 28 სინჯში. საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის 25 და ბენზინის სამ სინჯში. მათგან 12 ნიმუშში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, 10 სინჯში დაფიქსირდა დახურულ ტიგელში აფეთქების ტემპერატურის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა. რიგ შემთხვევაში, ერთდროულად იყო დარღვეული რამდენიმე პარამეტრი“, - ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაში.

ეკონომისტი ოთარ აბესაძე მოითხოვს დასახელდნენ დაჯარიმებული კომპანიები.

ეს ინფორმაცია არუნდა იყოს დამალული და უნდა დასახელდნენ დაჯარიმებული კომპანიები ‼️ 
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საზოგადოებამ უნდა იცოდეს რომელ ბენზინგასამართი ქსელების სადგურებში ასხავს საკმაოდ მაღალ ფასად უხარისხო საწვავს ‼️ 
როდესაც ხდება მსგავს საზოგადოებრივად მნიშვნელოვან თემაზე კომპანიების დაჯარიმება, სახელმწიფო უწყება ვალდებულია საზოგადოებას აცნობოს დეტალურად იმის შესახებ თუ სად ასხავდა და ასხავს ნაგავ საწვავს - წერს აბესაძე.

"გალფის" წარმომადგენელი ნინო ჯიბლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მათ ავტოგასამართ სადგურებზე დარღვევა არ დაფიქსირებულა.

ძალიან ბევრს გაინტერესებდათ და აქ არის შედეგიც: შეგვამოწმეს გალფიც - ჩვენს ქსელში არცერთი დარღვევა არ დაფიქსირდა.
ამიტომაც ვარ ყოველთვის ამაყი ჩვენი კომპანიის საქმიანობით - კომერციულით თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის მხრივ", - წერს ნინო ჯიბლაძე.

მსგავსი სიახლეები