"ყველა დელეგატი თავის საქმის პროფესიონალია" - ოდიშარია "ბერლინალეზე"

31.01.24 14:36
"ყველა დელეგატი თავის საქმის პროფესიონალია" - ოდიშარია "ბერლინალეზე"

"აბსოლუტურად ყველა დელეგატი თავის საქმის პროფესიონალია", - ასე ეხმაურება პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინო-ბაზრობაზე 32-წევრიანი დელეგაციის გამგზავრებას.

მისი თქმით, საზოგადოების მხრიდან გამოხატული უარყოფითი დამოკიდებულება კინოცენტრის დელეგაციასთან დაკავშირებით პროპაგანდის და პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია.

აბსოლუტურად ყველა დელეგატი არის თავის საქმის პროფესიონალი, სიის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველი რეჟისორებისა და პროდუსერებისგანაა დაკომპლექტებული; 23 რეჟისორი/პროდუსერი, 5 კინოცენტრის თანამშრომელი, 4 მედია გამშუქებელი. ეს ნაწილი რასაკვირველია ნაცმედიის სათაურებში არ ხვდება. იქ ხვდება მხოლოდ პოსტვს და იმედის გამშუქებლები. ეს უკანასკნელნი, სიაში მოხვდნენ იმისათვის, რომ ფესტივალის ირგვლივ მედია გაშუქება და სიუჟეტების დამზადება უზრუნველყონ, რაც ძალიან ჩვეულებრივი და მარტივი პრაქტიკაა. და დიახ, რასაკვირველია კინოცენტრი ზრუნავს რომ მაქსიმალურად გაშუქდეს ქართული სტენდი და მისი აქტივობები ბერლინალეზე. [...]

ყველანაირი ისტერია კინოცენტრის დელეგაციასთან დაკავშირებით მხოლოდ უსახური პროპაგანდის და პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია. წლევანდელი ქართული სტენდი, როგორც გაშუქების, ისე საქმიანი შეხვედრების მხრივ იქნება ყველაზე ინტენსიური და მასშტაბური და მოემსახურება ქართული კინემატოგრაფის ინტერესებს, რომელსაც ასე აქტიურად ცდილობენ სახელი შეულახონ საერთაშორისო კინოსივრცეებში მავნებლებმა", - წერს ოდიშარია.

ცნობისთვის, ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს. როგორც ირკვევა, დელეგაციაში შედიან სამთავრობო პროპაგანდისტული არხის,  POSTV-ის წამყვანი, გური სულთანიშვილი და ამავე არხის ჟურნალისტი, სალომე გობრონიძე. 

მსგავსი სიახლეები