"ოცნებამ“ შესაძლოა, ეს ფრთა გვერდზე გაწიოს - მარიკაშვილი "ალტ-ინფოზე"
ბოლო პერიოდში „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებით განხორციელებული ნაბიჯები მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ფრთა გვერდზე გაწიოს და რადიკალურმა განწყობებმა „ხალხის ძალასთან“ მიმართებით გადმოინაცვლოს, - ამის შესახებ დემოკრატიული კვლევის ინსტიტუტის თავმჯდომარემ, ედუარდ მარიკაშვილმა DRI-ის მიერ ულტრამემარჯვენე ჯგუფებზე დაკვირვების 8-თვიანი შედეგების პრეზენტაციამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მარიკავილის თქმით, „ალტ-ინფო“ „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოყენებული იყო იმ აქტივობების განსახორციელებლად, რასაც თავად ღიად არ აკეთებდა.
მისივე განცხადებით, ულტრამემარჯვენე ჯგუფების საქართველოში არსებობა ქართული საზოგადოების ერთ-ერთი ძალიან დიდი პრობლემა და ტრაგედიაა, რომლის აღმოცენებას და არსებობას დიდწილად ხელი „ქართულმა ოცნებამ“ შეუწყო.
„ეს ჯგუფები „ქართული ოცნების“ მხრიდან გამოყენებული იყო იმ განწყობების და აქტივობების განსახორციელებლად, რასაც თავად ასე ღიად არ აკეთებდა. ბოლო პერიოდში არის ძალიან საინტერესო მოვლენები, როდესაც „ალტ-ინფომ“ განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურმა ისინი დააჯარიმა, ასევე, ჩვენ ვიხილეთ, ბექა ვარდოსანიძის მიმართ სუს-ის მიერ განხორციელებული ნაბიჯები და ეს ყველაფერი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში აჩვენებს, რომ საბოლოო ჯამში, შესაძლოა, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ფრთა გვერდზე გაწიოს, ვინაიდან მისი რადიკალური განწყობები და ამომრჩეველი, რომელიც შესაძლოა, ამ პლატფორმას ჰყავდეს, არჩევნებისთვის სჭირდება. შესაძლოა, ამ განწყობებმა გადმოინაცვლოს ასევე, „ქართული ოცნების“ ფრთის ქვეშ შექმნილ „ხალხის ძალასთან“ მიმართებით, რომ ამ ძალების, ვგულისხმობ, „ალტ-ინფოს“ და მსგავსი აქტორების გვერდზე გაწევით, საბოლოო ჯამში, მათი ამომრჩეველი არ დაიკარგოს „ქართული ოცნებისთვის“ და „ხალხის ძალის“ რიტორიკას დაუკავშირდეს,“ - განაცხადა ედუარდ მარიკაშვილმა.