სოლიდარობა გიორგი ხასაიას და აკაკი ჩიქობავას! - სტუდენტები საპროტესტო მარშს აანონსებენ
სააპელაციო სასამართლოს მიერ აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას პატიმრობაში დატოვების შემდეგ სტუდენტები საპროტესტო მარშის მოწყობას აანონსებენ. მარში კვირას 15:00 საათზე თსუ-ს ეზოდან დაიწყება და პარლამენტთან დამთავრდება.
სტუდენტები ასევე ამბობენ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაჰკვირვებიათ და სწორედ ასეთი მოლოდინი ჰქონდათ.
აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია დატოვეს პატიმრობაში. ჩვენთვის ეს არ ყოფილა მოულოდნელი გადაწყვეტილება და სიმართლე გითხრათ, ვიცოდით, რომ დატოვებდნენ პატიმრობაში, გვქონდა ამის მოლოდინი. ამ წუთებში უნივერსიტეტში მიმდინარეობს სენატის სხდომა. სტუდენტები ვაგრძელებთ სოლიდარობას ჩვენი ლექტორის და გიორგი ხასაიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ამიტომ კვირას 15:00 საათზე იგეგმება მარში თსუ-ს ეზოდან პარლამენტამდე გამოსახლებების წინააღმდეგ და პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, - ამბობენ სტუდენტები.
აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია პატიმრობაში რჩებიან. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ცნობისთვის, კეკელიძის ქუჩაზე დაკავებულ აქტივისტებს - გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას - საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.