ფოთის თეატრის რეაბილიტაცია 14 წელია გრძელდება, 11 მილიონზე მეტია დახარჯული და 11 მილიონი კიდევ ზემოდან უნდა დავამატოთ - "შ-ფოთი"
ვალერიან გუნიას სახელობის ფოთის სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაციისთვის კიდევ 11 578 609 ლარია საჭირო - ამის შესახებ ფოთში მდებარე არასამთავრობო ორგანიზაცია "შ-ფოთი" იტყობინება.
ორგანიზაცია წერს, რომ თეატრი ზარზეიმით ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობამ გახსნა, ერთ თვეში კი შენობაში წყალი ჩავიდა, შემდეგ კი ჭერიც ჩამოინგრა, ამის შემდეგ 11 მილიონზე მეტია დახარჯული და კიდევ 300 ათასის გადახდა დასჭირდათ იმის გასარკვევად, რომ 11 მილიონი კიდევ ზემოდან უნდა დაამატონ, რომ თეატრის რეაბილიტაცია მოხდეს.
იცოდით, რომ კომპანიას 300 ათას ლარამდე გადავუხადეთ, რომ ეთქვა, რომ კიდევ 11 მილიონი გვაქვს დასახარჯი თეატრის რეაბილიტაციაზე?
ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების მოწყობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაში გადავიხადეთ 274 650 ლარი, ანგარიშის მიხედვით კიდევ 11 578 609 ლარი დაგვჭირდება თეატრის სარეაბილიტაციოდ.
ფოთელები უკვე 14 წელია ვაკეთებთ თეატრს და ჯამში 28 028 910 ლარი დაგვიჯდება.
ფოთის თეატრი საზეიმოდ 2014 წლის 31 მაისს ქართული ოცნების მთავრობამ, ირაკლი ღარიბაშვილმა და ეკა ბესელიამ გახსნეს. ერთ თვეში შენობაში წვიმის წყალი ჩავიდა, შემდეგ ლიფტი ჩავარდა, რამაც თანამშრომლის ჯანმრთელობაც კი დააზიანა, მოგვიანებით ჭერი ჩამოინგრა.
თეატრი დაიხურა, თუმცა არ დავნებებულვართ!
წლების მანძილზე მის გასაკეთებლად ვაცხადებთ ტენდერებს და ვხარჯავთ ფულს, 11 მილიონზე მეტია მას შემდეგ დახარჯული და კიდევ 300 ათასის გადახდა დაგვჭირდა, რომ გაგვერკვია, რომ 11 მილიონი კიდევ ზემოდან უნდა დავამატოთ", - წერია განცხადებაში.
როგორ დაასათაურებდით ამ ამბავს მოთხრობას რომ წერდეთ?", - წერია განცხადებაში.