"წერილი შევიტანეთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში" - რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროტესტი არ ცხრება
რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროტესტი არ ცხრება. თეთრხალათიანები ისევ ქუჩაში დგანან. უსამსახურობისთვის განწირული ასობით მედიკოსი საავადმყოფოს დემონტაჟს ეწინააღმდეგება. ქვეყნის ცენტრალური კლინიკის ექიმები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ადგილობრივ წარმომადგენლობას წერილს უგზავნიან. თუ ზურაბ აზარაშვილის უწყება უკან არ დაიხევს, ექიმები უწყვეტ აქციებს აანონსებენ.
"ჩვენ შეტანილი გვაქვს სარჩელი და ვაგრძელებთ სამართლებრივ ბრძოლას ამ ბრძანების შესაჩერებლად, რომ პროცესი დაუბრუნდეს სამუშაო მაგიდას. ამავე დროს ჩვენ გუშინ შევიტანეთ წერილი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობაში. სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ეს პროტეტი გაგრძელდება, პლუს სამართლებრივი ბრძოლა", - ამბობს ექიმი.
შეგახსენებთ, რომ 22 იანვარს, ცნობილი გახდა, რომ მთავრობამ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დანგრევის და მის ბაზაზე ახალი კლინიკის აშენების გადაწყვეტილება მიიღო. მედპერსონალის ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ახალი საავადმყოფოს აშენების საკითხს. ისინი შიშობენ, რომ შესაძლებელია, ეს ტერიტორია სხვა მიზნებისთვის გამოიყენონ. მათ რამდენიმე აქცია გამართეს და სარჩელით სასამართლოსაც მიმართეს.