მაღალმთიანი კურორტი საფრთხეშია - ბახმაროში მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსი აშენდება
ბახმაროში მშენებლობების ბუმი იწყება. გურიის მაღალმთიანი კურორტი საფრთხეშია. საკურორტო ზონაში მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსი შენდება. კოტეჯებით გარშემორტყმულ ტერიტორიაზე რვა ჰექტარზე პრემიუმ კლასის აპარტამენტი აშენდება. ტერასები მთის და ტყის ხედებით, აუზები, კაფე ბარები და ატრაქციონები - მშენებლობას კომპანია "ორბი ჯგუფი" განახორციელებს.
ახალი პროექტის პრეზენტაცია ჩოხატაურში ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით თავად პროექტის ავტორმა გამართა. ამის შესახებ კი არც ადგილობრივი მოსახლეობა და არც გარემოს დამცველები იყვნენ ინფორმირებულები.
როგორც ცნობილია, მრავალფუნქციური კოპლექსის აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაწყებულია. აპარტამენტის მინიმალური ფასი კვ. მეტრზე 1500 დოლარიდან იწყება, მაქსიმალური ღირებულება კი 5 ათას დოლარს აღწევს.
პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი ამბობს, რომ ბახმაროს ლანშაფტზე მსგავსი პროექტის განხორციელება კურორტის აოხრების ტოლფასი იქნება.
აქ ამოსული ვუზიარებ ხოლმე ამ სილამაზეს, ამ სამოთხეს, ამ ზღაპრულობას ახლობლებს, ნაცნობებს, მეგობრებს, ყველას უხარია, მაგრამ გეტყვით, რომ მე აღარ მიხარია, იმიტომ, რომ ამის შემდეგ აქაორობა აოხრდება, განადგურდება, აღარაფერი დარჩება ბახმაროშ, იმიტომ, რომ კომპანია "ორბი" ჩემი და ჩვენი ბათუმის გამანადგურებელი, ჩამბეტონებელი ამ მთავრობის ხელდასმით, მხარდაჭერით, კორუფციული სქემებით აპირებს აქ, ამ უნიკალურ სივრცეში კორპუსების მშენებლობას, 8-9 სართულიანი კორპუსების მშენებლობას. ეს არის ბახმაროს განადგურება, ეს არის ბახმაროს დასასრული და იმის მიუხედავად, ვის უჭერთ მხარს, ვის რა მოგვწონს, არ შეიძლება ვუღალატოთ ახლა წინაპრების და მომავალი თაობების არჩევანს, რომ საქართელო იყოს ნორმალური და თუ გვინდა, რომ იყოს ნორმალური, შევეხიდოთ ერთმანეთს, ვთქვათ "არა!" ბახმაროს ჩაბეტონებაზე, ბახმაროს მოკვლაზე, რაც განიზრახა ამ ამაქცეველმა "ორბმა" მთავრობის ხელდასმით, - ამბობს პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი.
საფრთხეებზე საუბრობენ გარემოსადამცველებიც.
ცხადია, ამ მასშტაბის პროექტს ექნება გავლენა გარემოზე. ბახმაროშ არსებობს წყალმომარაგების პრობლემა ანუ ამ დასახლებას არ გააჩნია ცენტრალური წყალმომარაგება, არის კანალიზაციის სისტემის პრობლემა, რომელიც ასევე არ არსებობს. ეს თხევადი ნარჩენი წყლები ამ წუთას ჩაედინება გრუნტში, მდინარეში და უცნობია, როგორ მოხდება ამხელა კომპლექსის მშენებლობის შემდეგ ამენი ნარჩენი მასების მართვა. ბახმაროში არის სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები, შიდა გზები, ხიდები. ბახმაროშ ერთი უბნიდან მეორეში გადასასვლელად საჭიროა მდინარეშ გასვლა ან ხის საშიშ საფეხმავლო ხიდზე გავლა, - ამბობს გარემოდამცველი გრიგოლ მახარაძე.