წულუკიანი კულტურის მინისტრი არ უნდა იყოს! - პარლამენტთან დღეს აქცია გაიმართება
კულტურის სფეროს წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, არ გამოუცხადოს ნდობა თეა წულუკიანს. საგანგებო განცხადება საკანონდებლო ორგანოსთან რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. შეკრებილების თქმით, წულუკიანს არ აქვს უფლება, დარჩეს პოსტზე, რადგან საქართველოს კულტურულ მემკვიდეობას მიზანმიმართულად ანადგურებს.
დასახელდა გელათის შემთხვევა, ასევე, მასობრივი რეპრესიები, რომელიც ყველა იმ დაწესებულებას შეეხო, რომელსაც კულტურის სამინისტრო აკონტროლებს.
თეა წულუკიანის წინააღმდეგ დღეს საღამოს 19:00 საათზე პარლამენტთან აქციაც დაიგეგმა სახელწოდებით "წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!".
მთავრობის შემადგენლობაში კულტურის მინისტრად კვლავ თეა წულუკიანია წარდგენილი. ჩვენ, საქართელოს მოქალაქეები, მეცნიერები, ხელოვანები მოვუწოდებთ პარლამენტის თითოეულ დეპუტატს, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს. მისთის ნდობის გამოცხადებით თქვენც თანაბარი პასუხისმგბელობა გეკისრებათ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა გეკისრებათ ეროვნული მემკვიდრეობის განადგურებაზე, დამოუკიდებელი ინსტიტუტების ჩამოშლაზე, პროფესიონალთა დევნაზე, ცენზურაზე, ნეპოტიზმსა და კორუფციაზე, - ამბობენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები.