სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს - რას ჰყვებიან მეზობლები არასრულწლოვანზე, რომლის გაუპატიურების ბრალდებით მამაა დაკავებული
დასავლეთ საქართველოში მომხდარი უმძიმესი ფაქტის შესახებ შოკისმომგვრელი დეტალები ხდება ცნობილი - ირკვევა, რომ 17 წლის მოზარდმა, რომელმაც ნაადრევად იმშობიარა, მამის მიერ გაუპატიურების ფაქტი სამარტალდამცავებს საავადმყოფოში უამბო, რის შემდეგაც, კაცს ხელბორკილები დაადეს.
"იქ მოყვა, რომ მას ორი წლის განმავლობაში აუპატიურებდა მამა. სადმე თუ იტყვი, ყველას დავხოცავო, ემუქრებოდა ბავშვს“,- განუცხადა გოგონას თანასოფლელმა "რადიო თავისუფლებას“.
სკოლის დირექტორი მედიასთან ამბობს, რომ გოგონამ გასულ წელს დაამთავრა სკოლა. მოზარდისთვის არასდროს შეუმჩნევიათ, რომ ის შესაძლოა, ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.
საახალწლო ზეიმზეც იყო სკოლაში მოსული. ვისაუბრეთ კიდეც, მისთვის არ შეგვიტყვია არაფერი, ჩვენთვისაც შოკი იყო ეს ამბავი. ბოლო წლების განმავლობაში ბავშვისთვის არანაირი განსაკუთრებული ცვლილება არ შეგვიმჩნევია. არავის მოუტანია ამბავი, რომ ოჯახში რაიმე პრობლემა ჰქონდა, ან ძალადობის მსხვერპლი იყო. კარგი მოსწავლე იყო. ეროვნული გამოცდებისთვისაც ემზადებოდა, მაგრამ წელს ჩაბარება გადაიფიქრა, ინგლისურში დამატებით უნდა მოვემზადოო. ახლო მეგობრები ჰყავდა, 24 საათი ერთად იყვნენ და არავის შეუმჩნევია მასში რადიკალური ცვლილება“,- განუცხადა სკოლის დირექტორმა "რადიო თავისუფლებას“.
ცნობისთვის, დასავლეთ საქართველოში, 17 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით მამა დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11-137-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.