ომბუდსმენი ზამთარში ერთადერთი საცხოვრებლიდან გამოსახლების შეზღუდვას მოითხოვს
საქართველოს სახალხო დამცველმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს წინადადებით მიმართა და მოითხოვა ზამთარში იმ პირთა გამოსახლების პროცესის შეზღუდვა, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ.
გამოსახლების პროცედურის დასაბუთებულობისა და პროპორციულობის პრინციპებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი თავის მიმართვაში („ერთადერთი საცხოვრებლის დაკარგვის რისკის წინაშე მყოფ პირთა ზამთარში გამოსახლების შეზღუდვის შესახებ") დაეყრდნო გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და ევროპის სოციალური ქარტიის კომიტეტების განმარტებებს, ზოგად კომენტარებს და საუკეთესო პრაქტიკას.
„სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რომელთა მხედველობაში მიღებითაც უნდა განხორციელდეს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებული პრინციპებისა და უფლებების ინტერპრეტაცია. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია გამოსახლების პროცედურამ უზრუნველყოს საპირისპირო ინტერესთა სამართლიანი ბალანსი და ხელი არ შეუწყოს გამოსასახლებელ პირთა განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში ჩავარდნას", - წერია განცხადებაში.
სახალხო დამცველი აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეს, მირიან ხარაბაძეს წინადადებით მიმართა: განიხილოთ სხვისი მფლობელობიდან ან/და სარგებლობიდან უძრავი ქონების გამოთხოვის საქმეებზე აღსრულების პროცესის განხორციელების შეზღუდვა ზამთრის პერიოდში, იმ პირების (მოვალეების) შემთხვევაში, რომლისთვისაც უძრავი ქონება ერთადერთი საცხოვრებლის ფუნქციას ასრულებს.