"პირველებს" გარემოს დაცვის სააგენტოში უდასტურებენ, რომ საფრთხის შესახებ შესაბამისი უწყება ინფორმირებული იყო

07.02.24 17:17
"პირველებს" გარემოს დაცვის სააგენტოში უდასტურებენ, რომ საფრთხის შესახებ შესაბამისი უწყება ინფორმირებული იყო

საგანგაშო დასკვნა, რომელიც ხელისუფლებამ ხალხს დაუმალა - "პირველებს" გარემოს დაცვის სააგენტოში ოფიციალურად უდასტურებენ, რომ მოსალოდნელი ტრაგედიის შესახებ გაფრთხილება ყველა შესაბამის უწყებას ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაუგზავნეს, ანუ, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 2023 წელს უკვე ზუსტად იცოდა, რომ ბაღდათის სოფლებში მეწყერსაშიში პროცესები გააქტიურებული იყო.

რისკის შემცველი ადგილების ჩამონათვალში კი დასახელებული იყო სოფელი ნერგეეთიც, სადაც სამაშველო ოპერაცია ახლაც გრძელდება. ამ ინფორმაციას "პირველებს" ტრაგედიის ადგილზე ჩასული უწყების თანამშრომელიც უდასტურებს.

ეს ინფორმაცია საჯაროა, ვრცელდება და ხელმისაწვდომია ყველასთვის. ამ დროისთის კონკრეტული რეკომენდაცია არ ყოფილა, იმიტომ, რომ ვერ იქნებოდა რეკომენდაციოა კონკრეტულ მეწყერთან დაკავშირებით. ბოლოს როდის შემოწმდა ეს ზონა არ ვიცი, ვერ გეტყვით, ყოველწლიურად ხდება ზოგადად ბიულეტენის მიზნებისთვის საფრთხეების შეფასება და დიდი ალბათობით, ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ეს სოფელი ამ ტიპის კვლევაში მოხვედრილი იქნება", - ამბობს ვასილ გედევანიშვილი.

გარემოს დაცვის სააგენტოს დადასტურების მიუხედავად, ადგილობრივი ხელისუფლება და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე  ჯიუტად ამტკიცებს, რომ არ იცოდნენ, რომ ეს ზონა მეწყერსაშიში იყო.

ასეთი ინფორმაცია, რომ ეს ზონა მეწყერსაშიში არის, არ იყო. აქ ხალხი ათწლეულები ცხოვრობდა და ამდაგვარი არაფერი არ ახსოვდა, ამდაგვარი არაფერი არ მომხდარა", - ამბობს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე.

"საია" კი სისტემის გაუმარტაობაზე საუბრობს და ამბობს, რომ სახელმწიფო ამ დროისთვის ვერ იცავს ეფექტიანად კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, რომელიც ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას გულისხმობს.

ე.წ. უსაფრთხოების პასპორტი, რომელსაც კანონმდებლობა ითვალისწინებს, ეს ყველა მუნიციპალიტეტს უნდა გააჩნდეს. ამ დოკუმენტში დეტალურად უნდა იყოს აღწერილი ის პოტენციური რისკები, რომელიც შეიძლება ამ რეგიონში დადგეს, მათ შორის, სტიქიური მოვლენების თვალსაზრისით. უნდა ახლდეს შესაბამისი რუკა და უნდა იდგმებოდეს ნაბიჯები ამ შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. როგორც ჩანს, ამ ტიპის დოკუმენტები, სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტის დონეზე არ არის შემუშავებული და ეს სისტემა გამართულად არ მუშაობს. სახელმწიფო ამ დროისთვის ვერ იცავს ეფექტიანად კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, რომელიც გულისხმობს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებას და ამ უფლების დაცვა არის სახელმწიფოს ვალდებულება. სახელმწიფო უნდა დგამდეს პრევენციულ ნაბიჯებს, რომ ამ ტიპის ტრაგედიები თავიდან იყოს არიდებული", - ამბობს ნონა ქურდოვანიძე.

ამ დრომდე არც ერთ მუნიციპალიტეტში არ არსებობს ე.წ. უსაფრთხოების პასპორტები, სადაც რისკისშემცველ ტერიტორიებზე ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმაციას შეგროვებას და პრევენციას მოახდენს. 

ბაღდადში სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 5-მდე გაიზარდა - ცოტა ხნის წინ, მაშველებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 

"პირველების" ინფორმაციით, კაცი, რომელიც სოფელ ნერგეეთში, მეწყრულ ზონაში იპოვეს, ავთანდილ რობაქიძეა.

ეს არის კაცი, რომლის არასრულწლოვან შვილებს, ტყუპ დებსა და მცირეწლოვან ბიჭს, ამ დრომდე ეძებენ.