6 გარდაცვლილი და 3 დაკარგული - რა ხდება სტიქიის ეპიცენტრში
ბაღდათი, სოფელი ნერგეეთი - უკვე 20 საათია მთელი ქვეყანა ამ სოფლიდან ელოდება ბოლო ცნობებს. 6 ცხედარი ნაპოვნია. მეწყერში მოყოლილი მამის და მისი 16 წლის შვილის ცხედრებს მაშველებმა დღის ბოლოს მიაგნეს. ეძებენ ამავე ოჯახის 14 წლის ტყუპ დებს და კიდევ ერთ ხანშიშესულ ქალბატონს. ტრაგედიის ეპიცენტრში სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე სპეციალური განათებებისა და მოწყობილობების საშუალები მიიტანეს და სამძებრო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.
სამაშველო ოპერაციის არეალმა დღის მეორე ნახევარში მდინარის კალაპოტში გადაინაცვლა. სწორედ იქ იპოვეს დაღუპული მამა-შვილი. ამიტომ ახლა მძიმე ტექნიკაც და ცოცხალი ძალაც მდინარის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობს. ტრაგედია ბაღდათში სამდღიანი კოკისპირული წვიმის შემდეგ დატრიალდა. შემზარავი ხმა ადგილობრივმა მოსახლეობამ ღამის 2 საათზე გაიგო. მთიდან დაძრულმა 30 მეტრის სიმაღლის მიწის მასამ პრაქტიკულად ყველაფერი წალეკა თავის გზაზე. მათ შორის 4 საცხოვრებელი სახლი. მაშველებმა სტიქიის ეპიცენტრიდან მხოლოდ ერთი ადგილობრივის გადარჩენა მოახერხეს.
სტიქიის ზონაში მუშაობს პირველები და სოფო ნიაური - დეტალები ნახეთ რეპორტაჟში