კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებულების დაჯარიმება კრიტიკული აზრის ჩახშობას ისახავს მიზნად - საია და SJC
"საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაცია" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრი" კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების დროს დაკავებული პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს - ორგანიზაციები აცხადებენ, რომ მათ დაჯარიმებაზე სასამართლოს გადაწყვეტილებები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებთან და თავისუფლებასთან.
ორგანიზაციები წერენ, რომ აღნიშნული ქმედება მიზნად ისახავს საზოგადოებაში კრიტიკული აზრის ჩახშობას.
როგორც 23 იანვრის მოვლენებზე დაკვირვება აჩვენებს, შეკრების დროს პოლიცია არ მოქმედებდა კანონმდებლობის და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად: პოლიცია შეკრებილ მოქალაქეებს არ აძლევდა კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით კონკრეტულ, მკაფიო მითითებებს, არ აფრთხილებდა ძალის გამოყენების ან დაკავების თაობაზე, ასევე, დაკავებულებს არ განუმარტავდა სამართალდარღვევის არსს.
კრიტიკას იმსახურებს აღნიშნული საქმეების სასამართლოში განხილვის პრაქტიკაც. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი დადგენილებები ეფუძნება მხოლოდ პოლიციელის/პოლიციელების ჩვენებებს. თუმცა, პროცესებზე მოწმის სახით გამოკითხული სამართალდამცავები კონკრეტულად ვერ უთითებდნენ, როდის, რა ვითარებაში და როგორ არღვევდნენ ცალკეული პირები კანონს, ან როგორ მოხდა მათი დაკავება. სამართალდამცავები აგრეთვე თვითნებურად არ რთავდნენ დაკავებისას სამხრე ვიდეო-კამერებს, რომლის ჩანაწერებიც მნიშვნელოვანი მტკიცებულება იქნებოდა სასამართლოსთვის.
მიუხედავად მტკიცებულების სიმწირისა და პოლიციელების ზოგადი, ზოგჯერ ურთიერთ-წინააღმდეგობრივი ჩვენებებისა, სასამართლომ ამ დრომდე გამოტანილ გადაწყვეტილებებში, სამართალდამრღვევებად ცნო შეკრების 11 მონაწილე. პასუხისგებაში მიცემულ თითოეულ პირს 2000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა სახდელად, შესაბამისად, ჯარიმების საერთო რაოდენობა უკვე აღწევს 22 000 ლარს", - წერია განცხადებაში.