"სამივე ბავშვი უმაღლესში ჩასაბარებლად ემზადებოდა" - სოფელში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ
სოფელ ნერგეეთში სტიქიის შედეგად გარდაცვლილებს გლოვობენ - ბაღდათის რაიონში ერთი ოჯახის გარდაცვლილ სამი ბავშვის ნიჭიერებაზე ლეგენდები დადის, ამბობენ, რომ მოზარდები უმაღლესში ჩასაბარებლად ემზადებოდნენ, ამისთვის კი ემიგრაციაში წასული დედა ბოლო კაპიკებს აგზავნიდა, რომ შვილები საუნივერსიტეტოდ ყველა საგანში მოემზადებინა.
ასეთი უბედურება პირდაპირ არ ვიცი, რა ბავშვები დაიღუპნენ, რომ იცოდეთ... რა ტყუპი გოგოები, მამა და სამი შვილი. დედა წასულია 3-4 წელია, უგზავნიდა იქიდან ფულს ბავშებს ამზადებდა, მამა ბავშვებს დაატარებდა მოსამზადებლად. ეს ტყუპები უნიჭიერესები იყვნენ. ბიჭ წელს ამთავრებდა, თან ამზადებდა ყველა საგანში. ნუ უმაღლესში ჩასაბარებლად ემზადებოდა სამივე ბავშვი. მამამისთან ერთად წავიდა სამივე", - ამბობს მეზობელი.
ერთ ღამეში ჩამოწოლილმა მეწყერმა, ცხრა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ცხრიდან ოთხი ერთი ოჯახის წევრია - მამა და სამი შვილი.
მათი გარდაცვლების ამბავი ცოტა ხნის წინ შეატყობინეს მოზარდების დედას, რომელიც ემიგრაციაში ოჯახის სარჩენად იყო წასული. ახალგაზრდა ქალი სოფელში რამდენიმე საათის წინ დაბრუნდა. სოფელ ნერგეეთში სამძებრო სამუშაოები დასრულდა, თუმცა ვითარება ისევ საყურადღებოდ ფასდება. ამის მიუხედავად, მოსახლეობის ნაწილი ამ დრომდე სტიქიის ეპიცენტრში რჩება და სახლებიდან გასვლას მხოლოდ ღამით გეგმავენ.