რუსთავის ბაზრობაზე დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა - ექიმის თქმით, პაციენტს ჭრილობები საფანტით აქვს მიყენებული
რუსთავში, სტამბოლის ბაზარში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა. ის კლინიკა „რუსთავშია“ მოთავსებული.
როგორც კლინიკის ემერჯენსის განყოფილების ხელმძღვანელმა ხათუნა რევაზიშვილი ამბობს, მამაკაცს დაზიანებები სხეულის სხვადასხვა მიდამოებში, საფანტით აქვს მიყენებული.
„პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ არის შემოყვანილი შემთხვევის ადგილიდან ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი, მცირე ზომის ჭრილობებით სხეულის სხვადასხვა მიდამოში. პაციენტის მდგომარეობა შეფასდა, როგორც მძიმე. ახლა ლაბორატორიული მკურნალობა უტარდება და სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამ ეტაპზე კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევაზეა შეყვანილი, რის შემდეგაც, გადაწყდება მკურნალობის შემდეგი ტაქტიკა. მცირე ზომის ჭრილობები აღენიშნება გულ-მკერდზე, სახეზე, მუცელზე, ბარძაყის წინა ზედაპირზე და მარჯვენა ზემო კიდურზე. ჭრილობები საფანტითაა მიყენებული. ქირურგიული ჩარევა ჯერ არ ჩატარებია. მამაკაცი 26 წლისაა“, - განაცხადა რევაზიშვილმა.
რუსთავის ბაზარში საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა. გარდაცვლილთა ცხედრები ექსპერტიზისს ეროვნულ ბიუროში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს.
4 ადამიანის მკვლელობისთვის და ერთი პირის დაჭრისთვის 35 წლის მამაკაცია დაკავებული. გავრცელებული ინფრომაციით, დანაშაულის მოტივად შურისძიება სახელდება. "პირველების" ინფორმაციით, ნათესავებს ერთმანეთთან ბიზნესდავა ჰქონდათ, ბიძამ ძმისშვილი სამსახურიდან გაუშვა, რაც კონფლიქტის დაწყების მიზეზი გახდა.
სამართალდამცველებმა დანაშაულში მხილებული პირი მიმდებარედ მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან დააკავა.