ამ დრომდე წყალში მდგარი სოფელი და განადგურებული საყოფაცხოვრებო ნივთები - ხაშურის მოსახლეობა შველას ითხოვს

10.02.24 11:54
ამ დრომდე წყალში მდგარი სოფელი და განადგურებული საყოფაცხოვრებო ნივთები - ხაშურის მოსახლეობა შველას ითხოვს

ხაშურში სახლები ამ დრომდე წყალში დგას. სტიქიიდან მეოთხე დღესაც მოსახლეობის დახმარება ვერ ხერხდება. წლობით ნაგროვები ქონება ადგილობრივმა მოსახლეობამ ერთ დღეში დაკარგა. ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა - ყველაფერი წყალმა გააფუჭა.

დატბორილია სახლების პირველი სართულები. საკარმიდამო ნაკვეთები, ეზოები და ქუჩები. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ადგილობრივმა ხელისუფლებამ თითქოს დაიწყო, თუმცა ამ დრომდე ათობით ოჯახი დატბორილი სახლებიდან წყლებს საკუთარი ძალებით ტუმბავენ. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

წვიმა მოვიდა, შოლა ადიდდა და შემოვიდა ასე სახლში. საკუთარი ხელით გავწმინდე, ვის ველოდოთ, საკუთარი ძალებით გამოვტუმბეთ წყალი. ტექნიკა მოვიდა და უარი გვითხრეს, ვერ ამოვტუმბავთო. პირველ სართულზე საწოლები, ლეიბები, ავეჯი ყველაფერი გაფუჭებულია, ტანსაცმელიც აღარ მაქვს, რომ ჩავიცვა, განადგურებულია ყველაფერი, სახლშიც ვეღარ გვძინავს და დავწოწიალობთ ღამის გასათევად", - ამბობს ადგილობრივი.