თოვლის დნობის პროცესს ატმოსფერული ნალექი დაერთო, რამაც სხვადასხვა სტიქიური მოვლენა განაპირობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

10.02.24 14:08
თოვლის დნობის პროცესს ატმოსფერული ნალექი დაერთო, რამაც სხვადასხვა სტიქიური მოვლენა განაპირობა - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ სტიქიის ზონებში გეოლოგები რჩებიან და ადგილის შესწავლას აგრძელებენ.

უწყების ცნობით, ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს, რასაც თან დაერთო ატმოსფერული ნალექების მოსვლა, სხვადასხვა სტიქიური პროცესის ჩასახვა-გააქტიურება განაპირობა.

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების 8 ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე, განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს, მათ შორის 4 ჯგუფი აჭარაში, 3 იმერეთში და 1 შიდა ქართლის ტერიტორიაზე იმყოფება.

აჭარაში დაფიქსირებულია მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, ხოლო იმერეთში მეწყრები.

6 თებერვლიდან დღემდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 189 ოჯახი, გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 94 ოჯახი. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

ამ დროისათვის შიდა ქართლში (სოფ. ტაშისკარშის მიმდებარე ტერიტორიაზე), სადაც ადგილი ჰქონდა მეწყრული და ღვარცოფული პროცესის განვითარებას, სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა თავიდან იქნებ აცილებული სტიქიის შემდგომი განვითარების რისკები.

აღსანიშნავია, ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტების (ბაღდათი, ხაშური, გორი, ლანჩხუთი, ვანი, სამტრედია, ჭიათურა, ხულო, ქედა) მასშტაბით, ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სტიქიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება," - ვკითხულობთ განცხადებაში.