19 წლის ბიჭის სასტიკი მკვლელობა ლეღვაში ტყეში - ბრალდებულის მამისა და ბიძების განაჩენი ცნობილია
ბათუმის საქალაქო სასამართლომ გიორგი ალხანიშვილის მკვლელობაში ბრალდებულის, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის მამა და ერთ-ერთი ბიძა პატიმრობაში დატოვა, ხოლო მეორე უდანაშაულოდ ცნო.
მკვლელობაში ბრალდებულის მამას თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით შეეფარდა, ხოლო მის ძმას, დავით ბაჟუნაშვილს 3 წლით.
ხოლო მეორე ბიძა - სასულიერო პირი, გელა ბაჟუნაიშვილი, რომელსაც ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობა ედებოდა ბრალად, მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო.
სასამართლო პროცესზე მოკლული გიორგი ალხანიშვილის დედა გამოვიდა სიტყვით, რომელმაც ბრალდებულების უმკაცრესად დასჯა მოითხოვა.
სოფელ ლეღვაში ტყეში 20 წლის ბიჭის ცხედარი გასული წლის 26 მაის იპოვეს. რამდენიმე დღიანი ძებნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დამარხული ნახეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ამავე სოფელში მეგობართან ერთად სტუმრად იმყოფებოდა, სადაც ინციდენტი მოხდა.
მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 პირი დააკავა. ერთს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.
ოჯახის ახლობლების თქმით, მოკლული ახალგაზრდას ცხედარს მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული. მისი ამოცნობა დედამ პირადი ნივთების საფუძველზე შეძლო.
რაც შეეხება განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი ამ დრომდე დიდ ბრიტანეთში, საექსტრადიციო პატიმრობაში იმყოფება.
განსასჯელის სკამზე არიან გიორგი ალხანიშვილის მეგობრები, მათი განაჩენი ხუთშაბათს გამოცხადდება.