მეც მაქვს კითხვები და იმედია ისინიც გასცემენ პასუხს. ყველა ჩემს განცხადებაზე პასუხს ვაგებ - პეტრე კოლხი
"ყველა ჩემს განცხადებაზე პასუხს ვაგებ, ამიტომ არ მიკვირს მათი პოზიციებიც, იმედია ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა", - ამის შესახებ მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა პეტრე კვარაცხელიამ “ამბები.ჯი“-სთან კომენტარში განაცხადა.
სინოდალურმა კომისიამ პატრიარქს დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის მომავალ სხდომამდე მღვდელმოქმედების შეჩერებაზე შუამდგომლობით მიმართა. დეკანოზი კვარაცხელია განმარტავს, რატომ ვერ დაესწრო კომისიის სხდომებს.
დიახ, მე ამჯერად ვიმყოფები ინგლისში, ჩემი დის ოჯახში, რომლის მეუღლეც არის, დეკანოზი ილია ჭიღლაძე, ალბათ, გსმენიათ ამასთან დაკავშირებით. დღეს ჩამოვფრინდი. ორჯერ იყო თხოვნა საპატრიარქოდან, რომ მივსულიყავი. პირველად ვიყავი ისრაელში, როდესაც დამიკავშირდნენ და ვერ ჩამოვიდოდი, ჩემი განრიგი მქონდა. რომ ჩამოვედი და შეხვედრა ვითხოვე, ე.წ. ღორის გრიპის პერიოდი იყო და პრაქტიკულად დაუძლურებული ვიყავი, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ვაპირებდი მისვლას. დავუკავშირდი მამა ანდრია ჯაღმაიძეს და მივწერე წერილი, გამოკეთდი და შემდეგ შევხვდეთო.
ამის მერე, მოხდა ისე, რომ მამა მიქაელ ბოტკოველს დავუკავშირდი, როდესაც უცხოეთში ვიყავი და ვუთხარი, რომ ჩამოსვლისთანავე თუ მოხდება ეს შეხვედრა, აუცილებლად მოვალ და თუ არადა საბერძნეთის ემიგრაციასთან არის შეხვედრა ჩემი და ამას ვერ ჩავშლი-მეთქი, მაშინ შემდეგ მოხვდესო შეხვედრა. საბერძნეთიდან რომ დავბრუნდი, ვუთხარი ჩემს დასთან მივდივარ-მეთქი, წასვლის თარიღიც ვუთხარი, დღევანდელ დღეს სამშაბათს უნდა დავებარებინე და მივსულიყავი მანდ. ვუთხარი, რომ ორშაბათს ღამე ბილეთი აღებული მქონდა და ხუთშაბათს დამირეკეს, ვთხოვე, რომ იქამდე ნებისმიერ დროს მივიდოდი, ოღონდ სამშაბათს ვერ მოვალ ბილეთი აღებული მაქვს-მეთქი. აქ არ ვაპირებ დარჩენას, ჩამოვალ და შევხვდები აუცილებლად. მათ მიერ დასმულ ყველა კითხვას გავცემ პასუხს. მეც მაქვს კითხვები და იმედია ისინიც გასცემენ პასუხს.
ეს არის ჩვეულებრივი მდგომარეობა, არაფერი მიკვირს. ეს არის მოცემულობა, რომელსაც ჩვეულებრივად ვიღებ. არ ვიცი, რა გითხრათ, ეს არის ვფიქრობ, ის რასაც ველოდი” ,- აღნიშნავს დეკანოზი.
დეკანოზს კითხვა დაუსვეს თუ რას გულისხმობს საპატრიარქო „სასულიერო პირისთვის შეუფერებელი ქმედებებში“.
ის, რომ მკვეთრი განცხადებებით გამოვირჩევი, ის, რომ ბევრი ისეთი განცხადება გავაკეთე, მათთვის მიუღებელია, თუმცა ყველა ჩემს განცხადებაზე პასუხს ვაგებ და შესაბამისად ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. ამ განცხადებებიდან გამომდინარე, ყოველთვის ვაგებ პასუხს ყველას წინაშე, ამიტომ არ მიკვირს მათი პოზიციებიც. იმედია ყველაფერი ძალიან მალე გაირკვევა. ეს დღეები მე ვერ ჩამოვალ საქართველოში, 15 დღე ბრიტანეთში ვრჩები”, - ამბობს დეკანოზი.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.