სააპელაციომ გააუქმა განჩინება, რომლითაც შსს-ს ჩემ პოზიციაზე სხვა პირის უვადოდ დანიშვნა ეკრძალებოდა - გოგა რაზმაძე

15.02.24 13:39
სააპელაციომ გააუქმა განჩინება, რომლითაც შსს-ს ჩემ პოზიციაზე სხვა პირის უვადოდ დანიშვნა ეკრძალებოდა - გოგა რაზმაძე

სააპელაციომ გააუქმა განჩინება, რომლითაც შსს-ს ჩემ პოზიციაზე სხვა პირის უვადოდ დანიშვნა ეკრძალებოდა - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი, გოგა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს.

რაზმაძის თქმით, ამ გაადწყვეტილების შემდეგ გამოჩნდება, აღნიშნულს რა ,,მსუსხავი” ეფექტი შეიძლება ჰქონდეს".

"თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით გაუქმდა საქალაქო სასამართლოს მიერ გამოცემული დროებითი განჩინება, რომლითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკრძალული ჰქონდა ჩემს პოზიციაზე სხვა პირის უვადოდ დანიშვნა.

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ, უახლოვეს პერიოდში გამოჩნდება, აღნიშნულს რა ,,მსუსხავი” ეფექტი შეიძლება ჰქონდეს.

მე რა თქმა უნდა, ვაგრძელებ ჩემი უფლებების დაცვას კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ეროვნული და საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით", - წერს რაზმაძე.

რაზმაძე სამსახურიდან 2023 წლის 10 ნოემბერს გაათავისუფლეს. გომელაურის უწყებამ გოგა რაზმაძეს ტვ პირველის ოპერატორზე, ლექსო ლაშქარავაზე გამოქვეყნებული პოსტი და რუსული კანონის დაგმობა არ აპატია.

გოგა რაზმაძემ ამ საკითხზე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სარჩელით იგი ითხოვდა გათავისუფლების უკანონოდ ცნობას, სამსახურში აღდგენას, დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტის დადგენასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა გოგა რაზმაძის მოთხოვნა დროებითი განჩინების მიღების თაობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელის მოთხოვნა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოს დავის გადაწყვეტამდე გოგა რაზმაძის პოზიციაზე სხვა პირის დანიშვნა აუკრძალა.

მსგავსი სიახლეები