ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დუმილს არღვევს - "სემსოტა" ბრალს არ აღიარებს

30.06.21 11:20
ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დუმილს არღვევს - "სემსოტა" ბრალს არ აღიარებს

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი დუმილს არღვევს - განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული შალვა გულიაშვილი, იგივე „სემსოტა", ბრალს არ აღიარებს და გომელაურის უწყებას მტკიცებულებების ფალსიფიცირებაში ადანაშაულებს.

დაკავებულს საგამოძიებო უწყება 42 წლის ზურაბ რიკრიკაძის, იგივე „ტრუტის“, მკვლელობას ედავება. 

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულზე გომელაურის უწყებამ ძებნა გამოცხადა, თუმცა გაირკვა, რომ ძებნილი გორში თავისუფლად გადაადგილდებოდა.

ბრალს არ აღიარებს, რაც არ ყოფილა, ის რატომ უნდა აღიაროს? პოლიცია ზეწოლას ახდენს, რომ ზეიკიძეს დაადოს ხელი. როგორც კი ციხიდან გამოვიდა, იმ წამიდანვე განიცდიდა ზეწოლას. პოლიციის თანამშრომლები ქალაქიდან წასვლას აიძულებდნენ. მკვლელობას ვერ უმტკიცებდნენ, და ჩაუდეს ნარკოტიკი"- აცხადებს დაკავებულის მამა. 

გულიაშვილი გორის ცენტრში გუშინ დააკავეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პოლიციის მიერ ბრალდებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი ფხვნილისებრი ნივთიერება და 5 მოთეთრო აბი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და სსკ-ის 260-ე მუხლებით მიმდინარეობს.

 მკვლელობა გორში, ვერხვების დასახლებაში, 3 ივნისს, კომენდანტის საათის დროს მოხდა. როგორც ირკვევა, დაპირისპირება 42 წლის ზურაბ რიკრიკაძეს, მეტსახელად "ტრუტსა" და შალვა გულიაშვილს, მეტსახელად ,,სემსოტას", შორის მოხდა. 

ზურაბ რიკრიკაძეს  10-მდე ტყვია ესროლეს, აქიდან სასიკვდილო ფეხში მომხდარი ტყვია გახდა - ახალგაზრდა კაცი სისხლისგან დაიცალა.  

მომხდარი სავარაუდოდ, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის გარჩევას უკავშირდება.