აბაშის კულტურის სახლში კედლის მხატვრობა ნადგურდება - უნიკალური პანოები დაზიანებულია
აბაშის კულტურის სახლში კედლის მხატვრობა ნადგურდება - უნიკალური პანოების 50% დაზიანებული და დაკარგულია.
ამ შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. თეა წულუკიანის უწყებამ შენობის რეაბილიტაცია გასულ წელს დაიწყო, თუმცა შეკეთების ნაცვლად, ადგილზე უფრო მეტი დაზიანებაა.
ხელოვანების მიერ გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ კვლევის ეტაპზე კედლის მხატვრობის უნიკალური ნაწილი უფრო მყარად გამოიყურებოდა, ვიდრე მას შემდეგ, რაც სოფელ მარანში რესტავრაციის სამუშაოები ჩატარდა.
სპეციალისტების შეფასებით, მომხდარი ყოვლად წარმოუდგენელია, რადგან იქამდე, სანამ ტენდერი გამოცხადდებოდა, კვლევითმა ჯგუფმა კულტურის სამინისტროს შესაბამისი რეკომენდაციები გაუზიარა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარმართულიყო სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლითაც სრულად შენარჩუნდებოდა მხატვრობა.
ხელოვანები "პირველებთან" საუბრის დროს ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სახეზეა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნგრევა, აქედან გამომდინარე ჩნდება ეჭვი, რომ ქვეყანაში აღნიშნული პროცესები მიზანმიმართულად ხდება.
ძეგლის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოგვეპოვება მხოლოდ იმ ფოტოებიდან და ვიდეოებიდან, რომლებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა 2023 წლის მიწურულს, დეკემბერში და ამ ფოტოების და ვიდეოების ნახვის შედეგად და 2021 წლის ინფორმაციასთან შედარების საფუძველზე ნათლად გამოჩნდა, რომ კულტურის სახლის მთავარი დარბაზის ინტერიერში წარმოდგენილი მოხატული პანოების 50% არის განადგურებული, რაც გამოწვეულია იმით, რომ არ მომხდარა სამუშაოების იმ თანმიმდევრობით და მეთოდოლოგიით განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფდა ამ პანოების და სხვა მოხატული ელემენტების შენარჩუნებას", - ამბობს სპეციალისტი.
პარტია "ლელო საქართველოსთვის" წევრი, დეა მეტრეველი შემთხვევას "უხერხულ და სასაცილო" ფაქტად აფასებს და შესაბამისი უწყებების კომპეტენტურობაში ეჭვი შეაქვს.
პასუხისმგებელი უწყებები და ორგანები არ არიან არანაირი კომპეტენციის მატარებლები. კულტურის კომიტეტი პარლამენტის ფარგლებში პასუხისმგებლობას სრულად იხსნის. ქალბატონი ელისო ბოლქვაძე პირდაპირ აცხადებს, რომ მას არანაირი კომპეტენცია არ გააჩნია და ყველაფერს კლიმატურ პირობებს და ძეგლების სიძველეს აბრალებს, რაც უბრალოდ უხერხული და სასაცილოა", - ამბობს დეა მეტრეველი.
მსგავსი სიახლეები
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
თიბისის ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში შექმნილი პირველი YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit ივნისის თვეში, მაყურებელს მეორე ეპიზოდს შესთავაზებს. ახალი ეპიზოდი 30 ივნისს, ბიზნესშოუს YouTube პლატფორმაზე განთავსდება.