საბედისწერო გასროლა სანადირო თოფიდან - სოფელ ვაზისუბანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

17.02.24 16:32
საბედისწერო გასროლა სანადირო თოფიდან - სოფელ ვაზისუბანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს 11-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

თელავის რაიონულმა სასამართლომ გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მომხდარ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო - გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე დაკავებულმა სანადირო თოფიდან რამდენიმე საბედისწერო გასროლა განახორციელა.

სასამართლომ მას თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით განუსაზღვრა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 21 მაისს, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ბრალდებულს წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე, დაზარალებულთან სიტყვიერი დაპირისპირება მოუხდა. აღნიშნულ ფაქტით განაწყენებულმა ბრალდებულმა, შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან რამდენჯერმე ესროლა დაზარალებულს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მაისში გურჯაანში მეზობლებს შორის კონფლიქტი მკვლელობით დასრულდა. 32 წლის თორნიკე მთვარელიშვილს მეზობელმა ჩასაფრება იმ დროს მოუწყო, როცა ვენახის წამლის საყიდლად მიდიოდა. სანადირო თოფით მიყენებული ჭრილობის გამო მთვარელიშვილის გადარჩენა ვერ მოახერხეს.

დაპირისპირება მეზობლებს შორის წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო მოხდა.

 

მსგავსი სიახლეები