გრემში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ქართველი მეფის, ლევან ბაგრატიონის, აკლდამას მიაკვლია

30.06.21 17:00
გრემში არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ქართველი მეფის, ლევან ბაგრატიონის, აკლდამას მიაკვლია

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გრემის მთავარანგელოზთა ტაძარში ქართველი მეფის, ლევან ბაგრატიონის, აკლდამა გამოავლინა.

 ისტორიული წყაროების  მიხედვით, მათ შორის ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებითაც, ეს დიდი მოღვაწე ქალაქ გრემში, მისივე ძალისხმევით აგებულ მთავარანგელოზთა ტაძრის კომპლექსში უნდა ყოფილიყო დაკრძალული, მაგრამ ამ განსასვენებლის კონკრეტული ადგილი უცნობი იყო, ვინაიდან საფლავის ქვა, ან სხვა ზედმიწევნითი მინიშნება არ არსებობდა.

მიმდინარე არქეოლოგიური კვლევის დროს ტაძრის დარბაზის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში გამოვლინდა აგურით საგულდაგულოდ გამოყვანილი, თაღური კამარით გადახურული აკლდამა. მასში ნეშტთან ერთად XVI საუკუნის რამდენიმე ნაკეთობაც აღმოჩნდა.

გამოვლენილი ნეშტის პირველადი ანთროპოლოგიური შეფასება არ ეწინააღმდეგება საფუძვლიან მოსაზრებას, რომ აკლდამაში აღმოჩენილი ნეშტი სავარაუდიდ ლევან მეფეს ეკუთვნოდა. საბოლოო იდენტიფიცირებისთვის, მოპოვებული ნეშტის ფრაგმენტების და აკლდამის ინტერიერიდან აღებული სხვა ნიმუშების კვლევა ტექნიკური მეთოდებით ჩატარდება საქართველოს ეროვნული მუზეუმის კვლევით ინსტიტუტებში, აგრეთვე საზღვარგარეთის სპეციალიზირებულ ლაბორატორიებში. 

ლევან მეფემ 54 წელი იმეფა, 1518-1574 წლებში, ერთიანი საქართველოს დაშლის შედეგად წარმოქმნილ კახეთის სამეფოში. მისი გონივრული საგარეო და საშინაო პოლიტიკის წყალობით ქვეყანამ არნახულ სტაბილურობას და ეკონომიკურ აღმავლობას მიაღწია.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები