ტიმოთესუბნის სამუშაოები მიუღებელი მეთოდოლოგიით ჩატარდა - ჩუბინაშვილის ცენტრი

19.02.24 23:14
ტიმოთესუბნის სამუშაოები მიუღებელი მეთოდოლოგიით ჩატარდა - ჩუბინაშვილის ცენტრი

"2022-2023 წელს ტიმოთესუბნის ეკლესიაზე სამუშაოები მიუღებელი მეთოდოლოგიითა და მასალებით ჩატარდა", - ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

ცენტრი არსებულ ვითარებას შემაშფოთებელ ფაქტად აფასებს და წერს, რომ შემთხვევა წარსულის უნიკალური მემკვიდრეობის გამოუსწორებლად დამაზიანებელი მეთოდოლოგიური შეცდომების წინაპირობას ქმნის.

ტიმოთესუბნის ეკლესიაზე ჩატარებული სამუშაოები კიდევ ერთხელ აყენებს ძეგლთა დაცვის სისტემაში არსებული ვითარების ფართო პროფესიული განხილვისა და საფუძვლიანი კორექტირების აუცილებლობის საკითხს. უცნობია, რა მეთოდოლოგიური პრინციპებით ხელმძღვანელობდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ხსენებული პროექტისა და სამუშაოების მხარდაჭერისას, როგორი იყო გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, რა არგუმენტები და მოსაზრებები გამოითქვა სააგენტოს მეთოდოლოგიურ საბჭოზე წარდგენილი დოკუმენტაციის განხილვისას. სისტემური საკითხების მიმართ სათანადო ყურადღებას დიდი მნიშვნელობა აქვს ტიმოთესუბნის ტაძრისთვის, რამდენადაც პროექტი ინტერიერში განსახორციელებელ სამუშაოებსაც ითვალისწინებს, რომლებიც მიდგომისა და მასალების თვალსაზრისით ფასადებზე უკვე გამოყენებულის იდენტურია და შესაბამისად რისკების შემცველი, პირველ რიგში - ტაძრის მოხატულობისთვის. უფრო ფართოდ, არსებული ვითარება უკიდურესად შემაშფოთებელია საქართველოს უძრავ ძეგლთა მომავლისთვის, ვინაიდან ქმნის წარსულის უნიკალური მემკვიდრეობის გამოუსწორებლად დამაზიანებელი მეთოდოლოგიური შეცდომების წინაპირობას," - წერია კვლევაში.

მსგავსი სიახლეები