მკვლელობა პოლიციელის კუთვნილი იარაღით და სამი დაკავებული - რა მოხდა ზესტაფონში?

30.06.21 18:52
მკვლელობა პოლიციელის კუთვნილი იარაღით და სამი დაკავებული - რა მოხდა ზესტაფონში?

სასტიკი მკვლელობა ზესტაფონში - დაკავებულია სამი პირი, მათ შორის პოლიციის თანამშრომელი. 31  წლის ვანო ბანცაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის იარაღიდან გასროლით მოკლეს.

მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია პოლიციელის ბიძა. რაც შეეხება სამართალდამცავს, ამ უკანასკნელს, იარაღის უკანონოდ გადდაცემის მუხლით  გაასამართლებენ.

რაც შეეხება მესამე დაკავებულს, ირკვევა, რომ მან მკვლელობის შემდეგ ნივთმტკიცებების განადგურება სცადა.

ტვ პირველის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა და თანამზრახველებმა გულ-მკერდის არეში დაჭრილი ახალგარზდა ქუჩაში მიატოვეს. ვანო ბანცაძე სასწრაფო დახმარების ჯგუფს უკვე გარდაცვლილი დახვდა.

უმძიმესი დანაშაულის შესახებ განცხადება პროკურატურამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. 

2021 წლის 30 ივნისს, ზესტაფონში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში სუფრაზე სტუმრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც რ.ბ.-მ ლ.ზ.-ს კუთვნილი ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან ვ.ბ.-ს ესროლა. გულმკერდის არეში მიღებული ჭრილობის შედეგად ვ.ბ. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. 
ასევე გამოძიებით დადგინდა, რომ მომხდარი დანაშაულის შემდგომ ხ.გ.-მ საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გაანადგურა. "- ვკითხულობთ მთავარი საგამოძიებო ორგანოს მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. 

პროკურატურის განცხადებიდანვე ირკვევა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის გადაცემის ფაქტზე (სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-5 ნაწილი), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გამომძიებელი ლ.ზ. დააკავეს. 

ასევე, აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისთვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებისთვის  (სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და  236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები) რ.ბ.,  ხოლო ნივთიერი მტკიცებულებების განადგურებისთვის (368-ე მუხლი) ხ.გ. დააკავეს. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორ-გმომძიებელ ლ.ზ.-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.