ტვ პირველის ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებული ამ დრომდე თავისუფალია

30.06.21 20:06
ტვ პირველის ჟურნალისტებზე თავდასხმაში ბრალდებული ამ დრომდე თავისუფალია

წალკაში, სოფელ წინწყაროში ტვ პირველის ჟურნალისტზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციას ამ ეტაპზე არავის დაუკავებია. წალკის რაიონის სოფელ წინწყაროს გამგებლის ბიძა პირველების რეპორტიორს, ნინო ელიკაშვილსა და ოპერატორ პაპუნა ხაჩიძეს პოლიციელებისა და კამერების თანდასწრებით გაუსწორდა. თუმცა სამართალდამცველებს ის ადგილზე არ დაუკავებიათ. სიცოცხლის მოსპობის მუქარისა და ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ აფრასაიძეები პოლიციის განყოფილების ნაცვლად, რესტორანში წავიდნენ.

ამ დრომდე ტვ პირველის ჟუნრალისტები წალკის პოლიციაში გამოკითხვაზე არიან. თუმცა პოლიციაში არ მოუყვანიათ მთავარი მოძალადე, ვინც სამართლადმაცველების თვალწინ ჩვენს გადამღებ ჯგუფს თავს რამდენჯერმე დაესხა. პოლიციას ბევრი საფუძველი ჰქონდა, რომ ისინი ადგილზე დაეკავებინა, თუმცა განცხადება გამოძიების დაწყების შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაავრცელეს, რაც  თავდასხმის ამსახველი კადრები ტვ პირველის ეთერში გავიდა.