„საქნახშირში“ საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

30.06.21 21:17
„საქნახშირში“ საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა


30 ივნისს „საქნახშირში“ საკონსულტაციო საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, მიხაილ სოცკი საბჭოს წევრებს შეხვდა და მათთან ერთად საბჭოს სტრუქტურა და მუშაობის პრინციპები განიხილა.

საკონსულტაციო საბჭო 46 წევრისგან შედგება (მათ შორის არიან პროფკავშირების წარმომადგენლებიც). საბჭო რამდენიმე კომიტეტს აერთიანებს, ესენია: საწარმოო, შრომის უსაფრთხოების, საბიუჯეტო და საკადრო, საინფორმაციო პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის კომიტეტები. საბჭოს შექმნის მიზანი კომპანიაში მიმდინარე აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში  დასაქმებულების ჩართულობის გაზრდაა.
საბჭოს შექმნას წინ უძღვოდა სამუშაო შეხვედრები და საბჭოს წევრების არჩევნები. საბჭოს წევრები თავად დასაქმებულებმა აირჩეს, მათი მოვალეობაა თითოეულ დასაქმებულსა და კომპანიის ადმინისტრაციას შორის სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, სამუშაო პროცესებში ჩართვა და მნიშვნელოვანი საკითხების ოპერატიულად მოგვარება.

მიხაილ სოცკიმ საბჭოს შექმნა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საწარმოს საკითხების გადაწტყვეტაში დასაქმებულების აქტიური ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საწარმოს გამართული მუშაობისთვის:

კომპანიაში განვითარებისა და რეკონსტრუქციის პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენ უფრო აქტიურად უნდა მოვემზადოთ თბოელექტროსადგურის აშენებისთვის. ეს კი თითოეული ჩვენგანის ჩართულობის გარეშე ძნელი იქნება. ამიტომაც შეიქმნა ეს საბჭო, რათა ხელი შეუწყოს  საწარმოს განვითარების საქმეში თითოეული თანამშრომლის ჩართულობას, მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის კომუნიკაციის გაძლიერებას და მათ ოპერატიულ მოგვარებას.
შახტის მომავალი საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაზეა დამოკიდებული, ამიტომ იმედი მაქვს, რომ დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებით საბჭოს საქმიანობას, გამორიცხავთ ემოციებს და ობიექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებთ“ - განაცხადა შეხვედრაზე მიხაილ სოცკიმ.

რაც შეეხება დასაქმებულების პოზიციას, მათი აზრით, ადმინისტრაციასა და თანამშრომლებს შორის კომუინიკაციის გაძლიერება, მნიშვნელოვანი საკითხების ერთობლივად გადაწყვეტა და ორივე მხარისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება აუცილებელია როგორც საწარმოსთვის, ისე თითოეული დასაქმებულისთვის. 

მსგავსი სიახლეები