ომბუდსმენი ხელისუფლებას თბილისი პრაიდის მონაწილეების რეალურად დაცვისკენ მოუწოდებს

01.07.21 10:37
ომბუდსმენი ხელისუფლებას თბილისი პრაიდის მონაწილეების რეალურად დაცვისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი 5 ივლისს დაგეგმილ ღირსების მარშთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი მოუწოდებს ხელისუფლებას უზრუნველყოს მოქალაქეთა შეკრების და გამოხატვის თავისუფლება და სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს ულტრამემარჯვენე და ძალადობრივი ჯგუფების მიერ ლგბტ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდამჭერების მიმართ გავრცელებულ მუქარაზე. 

ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის მშვიდობიანი პროტესტი თუ სოლიდარობის აქტი, მისი შინაარსის მიუხედავად, საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული, მისი უზრუნველყოფის ვალდებულება კი ხელისუფლებას ეკისრება. ამის საპირისპიროდ, მაღალი თანამდებობის პირები ხელს უწყობენ საკითხის პოლიტიზირებას და თემის წევრების უსაფრთხოების დაცვის გარანტად თავად თემის უფლებების შეზღუდვას წარმოაჩენენ.  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი მოუწოდებს კომპეტენტურ ორგანოებს და თანამდებობის პირებს, წინა წლების გამოცდილებაზე დაყრდნობით, გაატარონ ღონისძიებები, რომელიც ღირსების მარშის მონაწილეების უსაფრთხოებას, გამოხატვის და შეკრების თავისუფლებებს რეალურად დაიცავს; ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებზე, დაუსჯელობის განცდისა და მომავალში მსგავსი შემთხვევების თავიდან აცილების მიზნით; გააკეთონ ლგბტ თემის მხარდამჭერი განცხადებები, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 
 

 პრაიდის კვირეული 1-ლიდან 5 ივლისის  ჩათვლით თბილისში ჩატარდება. 5 ივლისს პრაიდის კვირეული  ღირსების მარშით დასრულდება.