"ბავშვებს მიტოვებდა, ყველაფერს მე ვაკეთებდი" - რითი იმართლებს თავს ცოლის ძალადობისთვის დაკავებული სპეცრაზმელი
ცოლზე ძალადობაში ბრალდებული სპეცრაზმელის საქმე - შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მთელი სასამართლო პროცესის განმავლობაშ ამტკიცებდა, რომ უდანაშაულოა.
სასამართლო დარბაზში სპეცრაზმელმა დუმილი დაარღვია და თავის მართლება სცადა.
კაცი მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილს არწმუნებდა, რომ ცოლზე არასდროს უძალადია.
4 ბავშვს დამიტოვებდა სახლში, მარტო, მეზობლებიც იქ იყვნენ და იცოდნენ, რომ ბავშვები სულ ჩემთან იყვნენ. 2 წლის და 3 ბავშვს პამპერის გამოცვლაც უნდოდა და ჭამაც უნდოდა, ყველაფერს მე ვაკეთებდი, როცა ყოველ მესამე ვმუშაობ. არ არის შენი საქმეო, ამას მეუბნებოდა ყოველთვის. კი, შეიზლება, მე მაქვს ტელეფონზე რაღაც ისე მინაწერი, ნერვიულობის ნიადაგზე, როცა ხან ბავშვები ტიროდნენ და ხან რა იყო, მაგრამ 12 წლის განმავლობაში , მე თამუნასთვის, პატივისცემის მეტი არაფერი გამიკეთებია, ხელის დარტყმაზე ლაპარაკი ზედმეტია, არ ყოფილა", - ამბობს ბრალდებული.
ცოლზე ძალადობაში ბრალდებული სპეცრაზმელი მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გაუშვა. სამწლიანი პატიმრობის ნაცვლად, კაცს 5 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრეს.
ბრალდების მხარე აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა და იმ გარემოებებზე საუბრობდა, რის გამოც აუცილებელი იყო პატიმრობა, რადგან ბრალდებულს შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა.
გამოძიების ინფორმაციით, 2023 და 2024 წლებში ბრალდებული არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდა ცოლზე. ასევე, მას სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით ემუქრებოდა.
სპეცრაზმელს ბრალი საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 11 პრიმა 151 მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი.